საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სახალხო დამცველის სარჩელი “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” დააკმაყოფილა.

სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მუხლებს დისკრიმინაციის აკრძალვისა და რწმენის თავისუფლების შესახებ, რადგან გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას.

სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს, რომ საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად თქვას უარი სამხედრო სამსახურზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულება ალტერნატიურლი (არასამხედრო) შრომითი სამსახურით ფორმით მოიხადოს.სადავო ნორმა აიძულებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს”.

სასამართლომ სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის სადავო მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო, კონსტიტუციის მე–14 მუხლის, ასევე, მე–19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, რამდენადაც ის “კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას აწესებს”.

კომენტარები