ბათუმის საზღვაო პორტიდან დათხოვნილ 107 თანამშრომელს, პორტის ადმინისტრაცია შვილობილ კომპანიაში დაასაქმებს.

გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ ნავსადგურის საკონფერენციო დარბაზში თანამშრომლებთან შეხვედრისას გაახმაურა.

შეხვედრაზე “ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგი”-ს ხელმძღვანელმა აბაია ტურიკპენბაევამ და “ბათუმის საზღვაო პორტის” გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ ხარტიანმა აღნიშნეს, რომ თანამშრომელთა მასიური დათხოვნა პორტში არ იგეგმება და მოხდება დაცვის სამსახურისა და კვების განყოფილების თანამშრომელთა სხვა სამსახურში დასაქმება.

ადმინისტრაციის განმარტებით პირებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პორტში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსებში. მათ სტაჟირებას კი ნავსადგური დააფინანსებს.

ნაწილი, ასევე, დასაქმდება მშენებლობებზე, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს ნავსადგურის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

შეხვედრას წინ უძღოდა ნავსადგურის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია, რომელზეც 200-მდე ადამიანი პორტში სამუშაო ადგილების შემცირების გადწყვეტილებას აპროტესტებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა.

კომენტარები