ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელმა, tspress.ge-ს კითხვები უპასუხოდ დატოვა.

თანხმობა წერილობით გაგზავნილ კითხვებზე წერილობითვე ეპასუხა, ნავსადგურის გენერალურმა მენეჯერმა, ჯოზეფ ქროულიმ პირადად განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღიანი ლოდინისა და არაერთგზის შეხსენების შემდეგაც, დაპირებული პასუხები გამოცემას არ მიუღია.

ნავსადგურის გენერალური მენეჯერს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:

1. რა გახდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა მასობრივი შემცირების მიზეზი და რა პრინციპით შეარჩიეთ გასათავისუფლებელი კადრები?

2. რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება ჯამში და რამდენი დარჩება?

3. უკავშირდება თუ არა ეს ცვლილებები ნავსადგურის ტვირთბრუნვის შემცირებას?

4. საუბარია გათავისუფლებულთათვის ერთწლიან კომპენსაციასა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

მსგავს პირობას თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) ითვალისწინებდა?

რამდენად იყო ამ შეთანხმების მიღწევაში ჩართული ქალაქის მერი, ვახტანგ ლემონჯავა?

5. ვინ აანაზღაურებს ამ თანხას მხოლოდ ნავსადგური, თუ ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტიც?

6. პრეზიდენტის განცხადებით, ფოთი 100%–იანი დასაქმების ქალაქი გახდება, დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი პორტის ახალ ინფრასტრუქტურაში გადანაწილდება, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის განცხადებებთან?

tspress.ge ქროულის 13 დეკემბერს, მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ფოთის ნავსადგურში თანამშრომელთა მასობრივი შემცირებები დაიწყო.

ნავსადგურის თანამშრომელთა განცხადებით, სამსახურიდან დათხოვნილთა რაოდენობამ 600–ს გადააჭარბა.

ხელმძღვანელობისაგან ერთწლიანი ფულადი კომპენსაციისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაპირების გამო ჟურნალისტებთან ღიად საუბარს ყველამ თავი აარიდა, თუმცა პირად საუბარში არ დაუმალავთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები მათთვის არავის აუხსნია.

“ფოთის მერს რომ შევხვდით, მე რომ არ ვყოფილიყავი იმ კომპენსაციებსაც არ მოგცემდნენო, გვითხრა”– თქვა ერთ–ერთმა მუშამ.

ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ხელმძღვანელობა 700 ადამიანის შემცირებას ჯერ კიდევ მაისის თვიდან გეგმავდა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ვადამ რამდენიმე თვით გადაიწია.

მისი თქმით, დათხოვნილი 387 ადამიანიდან 246 პენსიონერია.

APM Terminals–მა (დანიური კომპანია „მაერსკის“ შვილობილი კომპანია), ფოთის ნავსადგურის 80%, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, არაბული „რაკ ინვესტმენტისაგან“ შეიძინა.

კომენტარები