სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებელი, ზუგდიდში, 3 იანვრიდან გაიზრდება. გადაწყვეტილება საკრებულომ უკვე მიიღო.

ტოტალიზატორებს მოსაკრებელი კვარტალში 18-დან 45 ათას ლარამდე გაეზარდათ, ხოლო თითოეულ სათამაშო აპარტზე გადასახადი 1500-დან 2 ათას ლარამდეა გაზრდილი. ხოლო სამორინეს თითოეულ მაგიდაზე გადასახადი 20 ათას ლარს შეადგენს.

საკრებულოს იურისტმა, ლალი ხარებავამ tspress.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსაკრებლის ზრდა „სათამშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

-“კანონმა მუნიციპალიტეტებს ქვედა და ზედა ზღვარი დაუწესა, რამაც ლავირების საშუალება მოგვცა. საკრებულომ კი საშუალო ტარიფი დაადგინა,“-აცხადებს ხარებავა.

კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ მუნიციპალიტეტებისთვის ქვედა ზღვარი სათამაშო აპარატებზე 1200 ლარით, ხოლო ზედა ზღვარი 3 ათასი ლარით განისაზღვრა. ტოტალიზატორებისთვის ეს თანხა 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე მერყეობს. სამორინეებისთვის კი თითოეულ სათამაშო მაგიდაზე გადასახადი 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდეა. ამ კლასიფიკაციის მიხედვით ზღვარის დადგენა სკრებულოებს თვითონ შეუძლიათ.

სამორინეს ნაწილში ცვლილება არ ეხება ანაკლიასა და განმუხურს. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიასა და განმუხურში სამორინეს გახსნის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში, სათამაშო დაწესებულება მოგების გადასახადის მოსკრებლისაგან გათავისუფლებულია. ანალოგიური პრივილეგიით წყალტუბოც სარგებლობს. სამორინე ანაკლიასა და განმუხურში ჯერ არ გახსნილა.

კომენტარები