ფოთის მერია 2011 წელს შესრულებული სამუშაოების ხარჯებზე ინფორმაციას არ გასცემს.

მერია, კანონით დადგენილი ათდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც უპასუხოდ ტოვებს tspress.ge-ს 22 დეკემბერის წერილს, რომლითაც გამოცემა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისა და შემსრულებელი ფირმების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.

წერილობით მიმართვიდან დღემდე მერიას გამოცემისთვის არ უცნობებია ინფორმაციის არ გაცემის მიზეზები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

ასევე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის შესახებ.

კანონით დადგენილ ვადებში, საჯარო სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა კი მოქმედი კანონმდებლობით, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას ნიშნავს.

ფოთის მერიის ქმედება, რასაც სისტემატიური ხასიათი აქვს არღვევს ინფორმაციის საჯაროობის შესახებ კანონს, ჟურნალისტებს კი პროფესიულ საქმიანობაში ეშლებათ ხელი.

კომენტარები