სამართალდამცავებმა “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე გუშინ, საღამოს, იარაღის უკანონო შენახვის მიზეზით დააკავეს.

“გურიაnews”–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ჩხაიძეს სახლში მიაკითხეს და საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც სახლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებითაა, გაყოლა თხოვეს.

მეურნეობიდან პოლიციელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი, ქათმის ბუდიდან მათ ავტომატური იარაღის მჭიდი ამოიღეს. როგორც გამოცემა წერს, ჩხრეკის ოქმს თანამოწმეებმა ხელი არ მოაწერეს.

ადვოკატის თქმით, ჩხაიძე იარაღის უკანონო ტარებას უარყოფს.

კომენტარები