ბრალდების მხარე რევაზ ხულორდავას დავით მგალობლიშვილის მკლელობის მცდელობას ედავება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევვნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.

მოწმე წულუკის ნაამბობიდან ირკვევა, რომ აფხაზეთიდან დევნილ მერაბ ბერულავას ოჯახში მგალობლიშვილსა და ხულორდავას შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა გააშველეს და სუფრის მსვლელობა გააგრძელეს. შემდეგ კი გარეთ რა მოხდა არ იცის რადგან მგალობლიშვილის დაწრის დროს სმას განაგრძობდა. თავად ბრალდებული კი ამბობს,რომ მგალობლიშვილი პირველად ბერულავებთან ნახა და მასთან კონფლიქტი არ ქონია.

მგალობლიშვილის დაჭრიდან 10 დღის შემდეგ, ზურაბ წულიკიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პოლიციამ დააკავა და სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხულორდავას ადვოკატი გიორგი სამუშია მიიჩნევს, რომ წულუკიძის დაკავება ზეწოლის მოსახდენად მოხდა.

თავად წულუკიძემ სასამართლოს დღეს განუცხადა, რომ მასთან მისი გათავისუფლების წინა დღეს გამომძიებელი იმყოფებოდა და მგალობლიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით „რაღაც საბუთებს“ წინასწარი დაკავების იზოლატორში ხელი მოაწერა. წულუკიძემ ზეწოლა უარყო.

თავად დაზარალებულმა დავით მგალობლიშვილმა კი წინა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის რევაზ ხულორდავამ შელაპარაკების ნიადაგზე ბერულავების ჭიშკართან დაჭრა. მგალობლიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ხულორდავას დანის გაყრის დროს ვერ დაინახა, თუმცა, ხმაზე იცნო.

დაზარალებულიგან განსხვავებულ ვერსიას ყვება დღეს დაკითხული მეორე მოწმე, რობერტ შალამბერიძე. ის იხსენებს, რომ ხულორდავასთან ერთად ბერულავების სახლიდან მას შემდეგ გავიდა, რაც სუფრას ორი მისთვის უცნობი პირი შეემატა. შალამბერიძის თქმით, როგორც შემდეგ გაირკვა ერთ–ერთი მათგანი ბერულავების სიძე, თემურ ლუტიძე იყო.

ბრალდებულის მეუღლის ლია ხორავას თქმით, მგალობლიშვილი სწორედ მასპინძლის სიძემ, თემურ ლუტიძემ დაჭრა.

საქმესთან დაკავშირებით ლუტიძე დაკითხული არ არის. დაცვის მხარემ მოსამართლის წინაშე ლუტიძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ისევე, როგორც სხდომის აუდიო ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა.

პროცესზე მოწმეების დაკითხვის დროს, წინა სხდომის მსგავსად, პროკურორი ვლადიმერ ქორთუა მიმანიშნებელ კითხვებს სვამდა, რის გამოც დაცვის მხარისგან შენიშვნა არაერთხელ მიიღო.

ინციდენტი, რომელის გამოც სენაკის საკრებულოს ფრაქცია – „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დააკავეს, 15 სექტემბერს, სენაკში, აფხაზეთიდან დევნილ მერაბ ბერულავას ოჯახში მოხდა.

როგორც ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, ინციდენტი ბერულავას სახლთან 22:30 წუთზე მოხდა, ამ დროს კი ხულორდავა და შალამბერიძე ბერულავებისგან 2 საათის წამოსული იყვნენ.

საქმე მკვლელობის მცდელობისთვისაა აღძრული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხულორდავას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 1 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები