საქმე ეხება ი/მ ვახტანგ გოგოლაძესთვის(ფირმა „სავანელი“) 1. 219. 121 ლარის ოდენობით დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას.

მას 2007 წლის 15 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის წერილით ეცნობა, რომ ბიუჯეტის წინაშე ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

მოქალაქე მიიჩნევდა, რომ დავალიანება არაკანონიერად ერიცხებოდა და მან უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მიმართა.

“სახალხო დამცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო მოთხოვნა მიღებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც თავის მხრივ არღვევს ი/მ ვახტანგ გოგოლაძის კანონიერ უფლებებს.

აღსანიშნავია, რომ ვ. გოგოლაძეს მასზე რიცხული საგადსახადო დავალიანების ნაწილი დარიცხული ჰქონდა შპს „მუსიკალური ფონდის“ მოთხოვნით.

კერძოდ შპს „მუსიკალურმა ფონდმა“ თხოვნით მიმართა ქ. ბორჯომის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, ფირმა „სავანელთან“ სასამართლო დავის დამთავრებასთან დაკავშირებით, 1993–1999 წლის ნოემბრამდე ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლზე რიცხული დავალიანების გადაწერა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნულ ფირმაზე

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ერთი გადამხდელის განცხადების საფუძველზე მასზე რიცხული საგადასახადო დავალიანების მეორე პირისათვის დარიცხვა.

აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის თავად საგადასახადო სისტემის პრინციპებთან. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ვახტანგ გოგოლაძის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შპს „მუსიკალური ფონდის“ სარჩელი საგადასახადო დავალიანების ი/მ ვახტანგ გოგოლაძისათვის გადაწერის შესახებ დაკმაყოფილდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დავების საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ი/მ ვახტანგ გოგოლაძის საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი წარმოადგენდა ამნისტრირებულ პერიოდს და მისი შემოწმება კანონით აკრძალული იყო”– აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები