ეკატერინე ლემონჯავას განცხადებით, მიმდინარე წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19–სთ–ზე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე როკ კლუბიდან უცნობმა მამაკაცებმა შსს უშიშროების განყოფილებაში ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

–”ამიყვანეს სავარაუდოდ, მე-4 სართულზე, შემამოწმეს მეტალოდედექტორზე და შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ შემოუერთდათ მესამე პირი. ისინი შეურაცხმყოფელი ფორმითა და ლექსიკით „განმიმარტავდნენ“, რომ ჩემი იქ აყვანის მიზეზი იყო როკ კლუბიდან სისტემატიურად გამომავალი ხმაური, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ.

40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი შეურაცხმყოფდა უშვერი სიტყვებით, გენიტალიების მოხსენიებით, ფიზიკური ზეწოლის მუქარით (“ჩამოგიღებ კბილებს”, “თავზე დაგამხობ როკ კლუბს” და ა.შ.). ჩათვალეს რა, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდი, შემდეგ გადავიდნენ “გეგმის” მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შსს–ს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე თანხმობას,”– აღნიშნავს განცხადებაში ლემონჯავა.

მისი თქმით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ როკ–კლუბში მათთვის საინტერესო პერსონები დადიან და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვდნენ.

ვისზე და რა სახის ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ უშიშროების თანამშრომლები, ლემონჯავას არ დაუკონკრეტებია.

–”ჩემი მხრიდან უარის განცხადების შემდეგ, ისინი დამემუქრნენ, რომ აღნიშნულ შენობაში შემოყვანილი არც ერთი ადამიანი არ გასულა ამ “ხელშეკრულების” გაუფორმებლად და რომ ისინი ამას ახლა თუ არა, რამოდენიმე დღით ჩემი შენობაში გამომწყვდევის შემდეგ მაინც მიიღებნენ. ბუნებრივია, ეს საუბარი სამივე თანამშრომლის მხრიდან მიდიოდა ძალზე დიდი ფსიქოლოგიური პრესინგის ქვეშ”– აცხადებს კლუბის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ის დაახლოებით 40 წთ– ში გაათავსუფლეს და ინფორმაციის კონფიდენციალურობა მოსთხოვეს.

აღნიშნულზე განცხადება მან სოზარ სუბართან ერთად დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გააკეთა.

მომხდარის შესახებ ლემონჯავამ საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას წერილობით უკვე მიმართა.

კომენტარები