ფოთის საკრებულოს რიგგარეშე მოწვევის 15:00 საათზე დაწყებული სხდომა 15:07 საათზე დასრულდა.

ბიუჯეტში შესატანი 15 ცვლილება თვითმმართველებმა 7 წუთში მიიღეს.

განსახილველ საკითხებში იყო, ადგილობრივ ბიუჯეტიდან სახანძრო -სამაშველო სამსახურის ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, სპორტული ღონისძიებებისა და 50 მრავალსართულიან საცხოვრებელი ბინის სარემონტო-საპროექტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირება და მიღებული დანაზოგის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება.

დანაზოგის ხარჯზე გაიზარდა საკრებულოს ოფისის, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის, კულტურულ ღონისძიებათა ხარჯები, ასევე სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების სარემონტო სამუშაოების თანხები.

საკრებულოს წევრის, მაგდა მენაბდის განცხადებით, სხდომა 15 სთ-ზე დაიწყო, მისი თქმით, საკითხები ბიუროს სხდომაზე იყო განხილული და მის განხილვას მეტი დრო არც სჭირდებოდა. იმავეს იმეორებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომერე, ვახტანგ დარცმელიძე : „ბიუროზე ამოვწურეთ საკითხი და რადგან სხდომაზე საკრებულოს წევრების გარდა სხვა არავინ ესწრებოდა, ამიტომ პირდაპირ მივიღეთ”

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „ქრისტიან-დემოკრატ” ლაშა ბერაიას განცხადებით, მან კითხვები ბიუროს სხდომაზე დასვა, ამიტომ სხდომაზე არ „განმეორებულა”.

საკრებულოს სხდომის 15 საათზე ჩატარების შესახებ ინფორმაცია, დღეს, საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელდა.

7 წუთში დამთავრებულ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ დასმულ კითხვებზე tspress.ge-ს საკრებულოს წევრებმა უპასუხეს, რომ საკითხები მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ცხადაიამ სხდომა დასრულებისთანავე დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძე კი შვებულებაშია.

კომენტარები