ხაშური, 11 მარტი.

შუადღის პირველი საათია. ხაშურში ვარ. სანამ ქვიშხეთისკენ გზას განვაგრძობ, პატარა მარკეტში შევდივარ. ვცდილობ ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილ ქიმერიძეზე საუბრის ჩამოგდებას. გამყიდველი საუბარს ერიდება: “არ ვარ აქაური და არაფერი ვიცი“. მაღაზიიდან მოპირდაპირედ ქიმერიძის სიკვდილით ბურუსმოცული, გამჭვირვალემინებიანი პოლიციის შენობა მოჩანს. „ამბობენ ჩამოვარდაო“,- დარწმუნებით ვერა, მაგრამ ოფიციალურ ვერსიაზე უფრო თამამად საუბრობს გამყიდველი…

მომხდარზე საუბრის გაგრძელებას გზისპირა სასადილოში ვცდილობ. გამყიდველი უფრო ენაწყლიანობს, ეეჭვება ქიმერიძის დაღუპვის ოფიციალური ვერსია. ამბობს, რომ თუ პოლიციის ვერსია სწორია, პოლიციის უფროსი რატომ გაათავისუფლეს და თუ დამნაშავეა, გათავისუფლება ცოტა სასჯელია. ამბობს იმასაც, რომ ხაშურში არავის სჯერა პოლიციის ვერსიის და ძალიან აფიქრებს ასევე საეჭვოდ დადუმებული ოჯახი: „ამბობენ, ოჯახი დააშინეს და არაფერს ამბობსო. დედამ როგორ არ უნდა თქვას? არ ვიცი… ამაზე მეტი რა უნდა დამართონ?! მაგრამ შეიძლება შვილიშვილების დახოცვით ემუქრებიან… ვინ იცის,“ -ასკვნის თავადვე და სანდრა რულოვსის დაცვის ხაშურელი წევრის მკვლელობის ფაქტის, მსგავსად მიჩუმათებასაც იხსენებს. შემდეგ უსამართლო გადასახადებზე ყვება….

ქვიშხეთი

ქვიშხეთის ცენტრში სოსო ქიმერიძის სახლს ვკითხულობ. ადამიანები თვალებით რაღაცას გეუბნებიან, მაგრამ თან იცი, რომ რამე კითხო, არაფერს იტყვიან… ამიტომ არაფერს ვეკითხები.

გზაში ერთი ახალგაზრდა კაცი ჩუმად მეუბნება, რომ ფრთხილად ვიყოთ… არსს ბოლომდე ვერ ვწვდები, რაღაც ხიფათის მოლოდინი მიჩნდება და გზას განვაგრძობ…

მარტისთვის შეუფერებელ თოვლში, ქვიშხეთის ცენტრიდან, სოსო ქიმერიძის სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები. ვიხსენებ მომხდართან დაკავშირებულ დეტალებს, შსს-ს განცხადებას, პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესის „გასაჯაროვებას“, მაესტროს“და “თრიალეთის” ინციდენტს, წინა დღით ჩემი კოლეგების მიერ ოჯახთან დალაპარაკების წარუმატებელ მცდელობას… დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოჯახი უწინდელ პოზიციაზეა და სიმართლის დადგენას ითხოვს. ვვარაუდობ, რომ მხოლოდ ოჯახში შეღწევის პრობლემა მექნება, თორემ ოჯახი კვლავ სიმართლის დადგენას ითხოვს…

სახლამდე მეზობლებს ვხვდები. უფრო მეტი დუმს… ერთი ამბობს, რომ ასეთი საღსალამთი კაცი მოკლეს. გადმოვარდნის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ მეზობლებსაც არ სჯერათ. ამბობს მიცვალებულის გამპატიოსნებლის ნათქვამსაც, რომ გვამის ჩაცმისას, მთელი სხეული დალეწილი ჰქონია… სასქესო ორგანოებიც… ოჯახის დუმილს საეჭვოდ მიიჩნევს და მარწმუნებს, რომ არავინ დამელაპარაკება.

-„მიცვალებული რომ ესვენა, მეზობლები მივედით ოჯახში და ვუთხარით, რომ გვერდში ამოვუდგებოდით სიმართლის გარკვევაში, მაგრამ ოჯახმა თავად არ ისურვა. თვითონ გაყიდეს მიცვალებული და ჩვენ რა უნდა ვქნათ“…

ცოტა ხანში “გაყიდვის” ვერსიას უარყოფს და კვლავ დაშინებაზე საუბრობს, „ყოველდღე ამოდიან პოლიციელები“, – ამბობს ის. „მიცვალებული რომ ესვენა, იქ იმდენი პოლიციელი ირეოდა, რომ მეზობლები გასვენებაში არც მივსულვართ. მერე ახალგორში წავედით მეზობლები რესტრანში და იქ დავლიეთ თითო ჭიქა შესანდობარი.“-ამბობს ის და მეზობელს ეძახის, რომელმაც მიცვალებულს ჩააცვა… ეს უკანასკნელი არაფერზე საუბრობს, ჩაცმის ფაქტსაც უარყოფს. „არ ვიცი, არ ვიცი…მე ცუდად გავხდი და მერე გამოვედი… იქნებ ოჯახმა გითხრათ რამე, მაინც სცადეთ“…

ქიმერიძის ოჯახი

სოსო ქიმერიძის სახლს ვუახლოვდები… სახლიდან კვამლი ამოდის, ძაღლი ყეფს. დიასახლისს ვეძახი. ნანახი სიუჟეტით ვიხსენებ- ქიმერიძის მეუღლეა. უნდობლად მიყურებს, მეზობლების ნათქვამითა და მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები მის პასუხს და მიჭირს საუბრის დაწყება…კითხვის ბოლომდე დასმას არ მაცლის ისე ბრუნდება და შედის სახლში, კარებს ხურავს და ოდნავ ღია კარიდან ერთი და იმავე ფრაზას მიმეორებს: „არ მინდა არაფერზე ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ“…

გარდაცვლილის დედასთან შეხვედრაზეც უარს მეუბნება: „ცუდადაა, ჩაწოლილია და ნემსებს ვუკეთებთ. საუბარი არ შეუძლია“. ვინტერესდები, ისევ თუ სურს სიმართლის გარკვევა, ხომ არაა ზეწოლა? „არავითარი ზეწოლა, ძალიან გთხოვთ…დაღლილი ვარ, ცუდადა ვარ… არ მინდა ამაზე ლაპარაკი“. მეზობლებში ნათქვამსაც ვეუბნები, მიცვალებულის „გაყიდვის“ შესახებ.

-„არ მაინტერესებს“- არის მისი პასუხი.

მეზობელი, რომელმაც ქვაბი დაკარგა…

დაკარგული ნივთის მეპატრონე, თამაზ გამგონაძესთან მივდივარ. ქიმერიძეების მოპირდაპირედ ცხოვრობს. მახსენდება მეზობლების ნათქვამი, მარტოხელა კაცია… სოსოსგან ჰქონდა დენი გადაყვანილი და ის უხდიდა დენის საფასურს, აბა ქვაბს როგორ მოპარავდაო.

რატომღაც არასასიამოვნოა მისთვის ჩემი კითხვები. კომენტარზე არ მთანხმდება, მაგრამ პირად საუბარში ამბობს, რომ პოლიციაში მან განაცხადა „რაღაც- რაღაცების“ დაკარგვის შესახებ. ქიმერიძის მიერ ჯართში ჩაბარებულ ალუმინის ქვაბსა და სპილენძის ჩაიდანზე ამბობს, რომ სოსოს თავად აჩუქა… თუმცა, მანამდე პოლიციას რაღაც ნივთების დაკარგვის შესახებ აცნობა და ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ჰგონია დაწერა, ეჭვი ქიმერიძეზე რომ ჰქონდა… თუმცა, მერე პოლიციას უთხრა, რომ თავად აჩუქა… მეზობლის დაღუპვის მიზეზის შესახებ, არაფერი იცის…

ქვიშხეთის ცენტრისკენ ვბრუნდები…

ჯარჯი გოთუა – „მასა“

სოფლის ბირჟაზე ტელევიზიიდან ნაცნობ სახეებს ვხედავ. ერთ-ერთი ქიმერიძის ჭიშკართან „გახიდული“ ე.წ. ჯარჯი გოთუაა, რომელმაც ოჯახის განსაკუთრებულად თავგამოდებული „დაცვით“ დაამახსოვრა თავი მთელ საქართველოს.

ისინი ლუდს სვამენ და ხმამაღლა იცინიან. ვუახლოვდები, ვეუბნები რომ ტელევიზორიდან ვიცანი და ნამდვილი ვინაობით ვინტერესდები. ჯარჯი გოთუა,- ჯიუტად მპასუხობს. ქიმერიძეზე ეკითხები, ჯარჯიც და მისი ორი მეგობარიც დარწმუნებულია, რომ მას კიბეზე ფეხი დაუსხლტა და მოაჯირიდან გადავარდა. ჩემს მიერ შეთავაზებულ ექსპერიმენტზე, ხაშურის პოლიციაში წასვლასა და იმ კიბის ნახვაზე, საიდანაც შესაძლებელია ფეხი აგიცურდეს და პარალელურად მოაჯირიდან გადავარდე, მპასუხობენ, რომ ეს უბრალო შემთხვევითობაა… ფაქტის ლოგიკურობას კი “ნიუტონის კანონით” ხსნიან: „სავსებით შესაძლებელია…მასა იყო, გადაეკიდა და გადავარდა. ნიუტონის კანონია…“ ვეღარ ვითმენ: „შენც მასა ხარ, წამოდი და ვნახოთ, აბა, როგორ გამოგივა.“ ხარხარს განაგრძობენ…

მამაო გვიახლოვდება. იქ მდგართ ლოცავს… ახლა მას ვეკითხები ქიმერიძეზე რა იცის. თავს ხრის და სწრაფად გვეცლება: არაფერი ვიცი, – ამბობს. ჯარჯი და მისი მეგობრები სიცილსა და ლუდის სმას განაგრძობენ. მამაოს პასუხით აშკარად კმაყოფილნი ჩანან და ცინიკურად ლუდს მთავაზობენ…

შორიახლო მდგარ შუახნის მამაკაცს ვუახლოვდები, ვინტერესდები ჯარჯის და მის მეგობრებს თუ იცნობს. ამბობს, რომ არასდროს უნახავს. ქიმერიძეზე ვეკითხები, მეუბნება, რომ სოფელში ამბობენ, პოლიციამ მოკლა, ოჯახი კი დააშინეს… ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შიშით არ ამბობს. ღიად საუბარს თავადაც არ თანხმდება. ამბობს, რომ აქ ყოველდღე პოლიციის მანქანა დგას და ხალხს აშინებენ. ბევრი ადრე შეაშინეს, ვინც 26 მაისის აქციებზე იყო, ყველას“ 3-3 თვიანი მისცეს“ და ხალხში შიშია…

ხაშურის ბურისით მოცული პოლიცია

შემთხვევის ადგილის ნახვა მინდა. მაინტერესებს, რა სიმაღლიდან გადმოვარდა, ვარდნისას იყო თუ არა რაიმე დაბრკოლება, რა სიგანის კიბეა, რა სიმაღლის მოაჯირი და ა.შ. ექსპერტმა, რომელმაც გვამს გარეგანი დათვალიერება ჩაუტარა თქვა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული ტრავმები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს თავისუფალი ვარდნის შედეგადაა მიღებული. თუ ადგილი ჰქონდა კიბიდან თავისუფალ ვარდნას(ანუ წინაღობების გარეშე), მაშინ მიღებული ტრავმები შეუთავსებელია.

საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, კიბის ჩვენება პოლიციისვე ინტერესში უნდა შედიოდეს. ხაშურის პოლიციის ფოიეში ოთხი პოლიციელი ზის. თხოვნით მივმართავ, რომ კიბე მაჩვენონ და გადამაღებინონ.

-არ შეიძლება! მიმართეთ პრესსამსახურს…

-უფროსის ნახვა მინდა.

-აქ არ არის.

-ტელეფონის ნომერი მომეცით

-არ ვიცით.

-ეს ის კიბეა?

-არ შეიძლება, ქალბატონო, ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში…

-კანონი მაჩვენეთ, რის საფუძველზე მიკრძალავთ გადაღებას?

-არ შეიძლება.

რომელიღაც ჩინოსანი ჩამოდის კიბეებიდან, კარს მიღებს და გარეთ გავყავარ. გარედან გადაიღეთ რამდენიც გინდათ. შიგნით არ შეიძლება!

ვურეკავ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს, დახმარებას ვთხოვ, ვუხსნი, რომ მინდა შემთხვევის ადგილის გადაღება. ვვარაუდობ, რომ ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს. „მიმართეთ პრესსამსახურს“- ტელეფონს მითიშავს. კიბისკენ მიმართული კამერით კიბის მხოლოდ ერთი ფრაგმენტის გადაღებას ვასწრებ, პოლიციელი ხელს აფარებს კამერას… ვერაფერს ვხდები. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ნამდვილად ის კიბეა, მაგრამ გადაღბულ კადრში – კიბიდან იატაკამდე, დაბრკოლებები არ მოჩანს…

მოგვიანებით, მაინც ვრეკავ პრესსამსახურთანაც, რომელიც „გარკვევას და გადმორეკვას“ მპირდება. მას შემდეგ ის ზარებს აღარ პასუხობს…

ხაშურის სასწრაფო

ხაშურის სასწრაფო დახმარების ცენტრში მივდივარ, სადაც ქიმერიძე ტრავმებით, შოკში მყოფი შეიყვანეს. რეგისტრატორს ჟურნალში ჩანაწერის ჩვენებას ვთხოვ. მთავარ ექიმს ურეკავს. მის დანაბარებს გადმოგვცემს: „ასე თქვა ამ საკითხზე არავინ შემაწუხოსო. მე, აბა, როგორ გაჩვენოთ, კატეგორიულად აკრძალული გვაქვს. არ შეგვიძლია“-ამბობს რეგისტრატორი.

გარეთ გამოსულს სასწრაფოს ერთ-ერთი ბრიგადის მძღოლი მეუბნება, რომ იმ დღის ბრიგადის ყველა წევრი პოლიციას გორში ყავდა დაკითხვაზე. ვარაუდობს, რომ ისინი არაფერს იტყვიან….

კომენტარები