ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანიას განცხადებით, “ქართული ოცნებისა” და ბანკ “ქართუსთვის” დარიცხული ჯარიმები სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიას მოხმარდება.

„ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის დაჯარიმების ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლას უკავშირებენ. ივანიშვილის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ცდილობს ივანიშვილი სახელმწიფოსთვის საშიშ პირად წარმოაჩინოს, რომ მას მოქალაქეობა არ მისცეს.

კონტროლის პალატა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კომპანიების მიმართ, უკანონო შემოწირულობების მიზეზით, ფინანსურ სადამსჯელო ღონისძიებებს ყოველთვიურად ახორციელებს.

ამ დროისათვის ივანიშვილი, ჯამში, 6 მლნ 748 ათასი ლარით დაჯარიმდა.

პირადად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ფიზიკური პირი, 2 მლნ 726 ათასი ლარით, ხოლო მისი კომპანიები, „ქართუ ბანკი“, „ქართუ მშენებელი“ და „ელიტა ბურჯი“ კი, ჯამში 2მლნ, 522 ათასი ლარით დაჯარიმდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“– 1მლნ 300 ათასი ლარით, ერთ–ერთი კომპანიის წარმოამდგენელი, ნუგზარ ხუციშვილი, როგორც ფიზიკური პირი, 200 ათასი ლარით.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრების უკანონო დაფინანსების გამო დააჯარიმა.

კონტროლის პალატის განმარტებით, შემოწირულობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.

კონტროლის პალატის მიერ მისგან და მისი კომპანიდან მიღებულ თანხას თავად ივანიშვილი „უკანონობას“ უწოდებს.

-„ჩემს ფულს, რომელსაც უკანონოდ კრებენ ჩემი ორგანიზაციებიდან თუ ჩემი პირადი ანგარიშიდან, მე მაინც ვაპირებდი ის ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ამ მხრივ, მე განცდა არა მაქვს და ძალიანაც კარგია, რომ ეს ფული მოხმარდება ჩემს ქვეყანას, მაგრამ პარალელურად, იმ ფორმით, რა ფორმითაც ესენი ახერხებენ ამ თანხის მოკრებას, ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი სახის ჩვენებას,“– განაცხდა ივანიშვილმა.

კომენტარები