„ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნოდ კადრების გადამზადებას იწყებენ. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია ფოთში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების გადამზადების პროცესს დაესწრო.

საარჩევნო საკითხებზე სპეციალურ ტრენინგებს ფოთში „ახალი მემარჯვენეების“ ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები ატარებენ.

ქალაქში სულ 30 საარჩევნო უბანია, “მემარჯვენეებიც” ამდენივე ადგილობრივ აქტივისტს გადაამზადებენ.

ნაჭყებიას განცხადებით, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე კომპეტენტური წარმომადგენლების ყოლა მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ დამკვირვებლები ყველა საოლქო კომისიასა და საარჩევნო უბანზე ეყოლებათ.

მანანა ნაჭყებია არჩევნების მასშტაბურ გაყალბებას გამორიცხავს.

–„ამ არჩევნებზე აშშ– ის, ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დიდია ყურადღება, რაც მასშტაბურ გაყალბებას გამორიცხავს, მაგრამ თუ პრეზიდენტი უარს იტყვის თავის უკანონო მიზნებზე, ჩაებღაუჭება პრემიერ მინისტრის პოსტს, ის საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში გახდება პუტინი და საბოლოოდ დაასამარებს თავის პოლიტიკურ მომავალს“– განაცხადა მან tspress. ge- სთან საუბრისას ნაჭყებიამ.

როგორ იმოქმედებენ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და პროტესტის რა ფორმას მიმართავენ? „მემარჯვენეების“ ლიდერი ქუჩის აქციებს გამორიცხავს, ნაჭყებიას თქმით, თუ ხალხი მიხვდა, რომ არჩევნები გაყალბდა „მემარჯვენეებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გარეშეც გამოვა და გააპროტესტებს.

–„წინა არჩევნებზე პროტესტი პარლამენტში არ შესვლით გამოვხატეთ, უარი ვთქვით მანდატებზე, მერწმუნეთ, გაყალბების შემთხვევაში „მემარჯვენეები“ პროტესტის მკაცრ ზომებს ყოველთვის მიმართავს. ქუჩაშიც ვმდგარვათ, მაგრამ რა მოგვიტანა ამან ყველამ კარგად ვნახეთ, ახლა სხვანაირად მოქმედების დროა“– აღნიშნა ნაჭყებიამ

კომენტარები