საქართველოს სახალხო დამცველი კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის მარტში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით კონტროლის პალატას რეკომენდაცით მიმართავს. ომბუდსმენმა საქმის შესწავლა დღეს დაასრულა. რეკომენდაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, პირადი საიდუმლოების ხელყოფასა და მედიისთვის საქმიანობის განხორცილების შეზღუდვას.

ომბუდსმენის განმარტებით, ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ ახსნა-განმარტებების მისაცემად დაბარებულ პირთა სტატუსის ბუნდოვანება, რაც წარმოშობდა დაბარებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ბუნდოვანებას.

გამოსაკითხ პირთა დაბარება ხდებოდა ახსნა განმარტების მისაცემად და უწყებაში ნახსენები არ ყოფილა, რომ ისინი მოწმედ იყვნენ დაბარებულნი – განმარტებულია რეკომენდაციაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან დაკითხვაზე მისულ მოქალაქეებს დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ეზღუდებოდათ პირადი უფლებები. ტუღუში კონტროლის პალატას ფაქტების შესწავლას და იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა მოწმეთა უფლებების დაცვა.

„აღნიშნული პირები მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევდნენ გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ პირადი ნივთები (ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა). შემოწმება ანალოგიური სახით უტარდებოდათ ადვოკატებს, რომლებსაც ასევე არ მისცეს საშუალება გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ჩანთები, რომლებშიც ჰქონდათ საკანონმდებლო აქტები, რაც დაცვის უფლების ხელყოფის ტოლფასია.

რეკომენდაციის თანახმად ომბუდსმენი ითხოვს, მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ქცევის კონტროლს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირთა უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა; ახსნა-განმარტებების მისაცემად პირთა დაბარება (გარდა აუცლებელი საჭიროებისა) მოხდეს მხოლოდ სამუშაო საათებში.“– აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ომბუდსმენი კონტროლის პალატას მოუწოდებს შემუშავდეს გარკვეული ინსტრუქცია (რეგლამენტი), რომელიც იქნება კოდიფიცირებული დოკუმენტი და სადაც დეტალურად გაიწერება მოწმისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წესი, მოწმის უფლებები, მოწმესთან ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები და სხვა. დოკუმენტი სავალდებულო ხასიათის მატარებელი უნდა იყოს და მისი დარღვევა დისციპლინურ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს.კონტროლის პალატაში

ომბუდსმენის განმარტებით, კონტროლის პალატამ კონსტიტუციით განსაზღვრული მოქალაქეების პირადი საიდუმლოების დაცვა ვერ უზრუნველყო. კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

„კონტროლის პალატამ არაერთხელ გაასაჯაროვა მოწმეთა ახსნა განმარტებები, რომელბიც შეიცავდა მოწმეთა და მათი ოჯახის წევრთა პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რაც დაკავშირებული იყო როგორც მათ ფინანსებთან, ასევე ჯანმრთელობასთან“– აღნიშნულია რეკომენდაციაში.

სახალხო დამცველი აღნიშნული პროცესების დროს, ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზეც საუბროს.

„ჟურნალისტები სამართლიანად გამოთქვამდნენ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ადმინისტრაციულ შენობებში, სადაც როგორც წესი ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე დაიშვებოდნენ, კონკრეტული საქმისწარმოების დროს დაუწესდათ შეზღუდვები. აღნიშნული კუთხით, მნიშვნელოვნად მივიჩნევ კონტროლის პალატის მიერ გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა მედია საშუალებების დაინტერესებულ წარმომადგენლებს მიეცეთ ხელმისაწვდომობა სრულყოფილ ინფორმაციაზე მიმდინარე პროცესის შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას“– აღნიშნულია რეკომენდაციაში.

რა ნაბიჯებს გადადგამს კონტროლის პალატა ომბუდსმენის რეკომენდაციის შესასრულებლად და დადგება თუ არა თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი? აღნიშნულზე კონტროლის პალატაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

–”რეკომენდაცია სამუშაო დოკუმენტია და მიმდინარეობს საკითხების შესწავლა, რის შემდეგაც კონტროლის პალატის პოზიცია ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება”– აღნიშნა კონტროლის პალატის პრეს სამსახურის უფროსმა, ფატი მამიაშვილმა.

კომენტარები