კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხემძღვანელის, სერგო ჩაჩიბაიას საქმის არსებითი განხილვა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 12 საათზე დაიწყება.

სერგო ჩაჩიბაიას კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელებთან შეხვედრისას გაახმაურა. სასამართლო პროცესს სავარაუდოდ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრება.

სერგო ჩაჩიბაიას საქმის წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს ნივთმტკიცებულებები და მოწმეების სია წარუდგინეს. ამავე სხდომაზე, ჩაჩიბაიას დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაეკითხა მნიშვნელოვანი მოწმე ელგუჯა გოგოხია. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთმტკიცება – საკეცი დანა, დაცვის მხარემ სადაოდ მიიჩნია და სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ეს ნივთმტკიცება არ შეესაბამება ჩაჩიბაიას კუთვნილ საკეც დანას. დაცვის მხარის განცხადებით, ჩაჩიბაიას გაცილებით პატარა ზომის დანა ჰქონდა, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა.

ჩაჩიბაიას ადვოკატის, შალვა შავგულიძის განმარტებით, საქმეში არსებული ნივთმტკიცება (დანა), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით იქნა მოპოვებული, არ შეიძლება ავტომატურად იქცეს სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცებად. ასევე, ადვოკატის განმარტებით, ჩაჩიბაიას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა 4 საათის განმავლობაში არ დაილუქა, რაც კანონის დარღვევააა.

შეგახსენებთ, რომ სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ჩაჩიბაია, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, სამეგრელო–ზემო სვანეთის ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

კომენტარები