კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 14 მაისამდე გადაიდო.

პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩაჩიბაია შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო–სამედიცინო სამსახური.

-„ორი დღეა ცუდად ვარ და არ მინდოდა სასამართლო სხდომაზე მოსვლა, ძალით წამომიყვანეს. გუშინ თავბრუ დამეხვა და დავეცი,“ – უთხრა მან მოსამართლე ნატრული აკობიას.ბრალდებულის თქმით ის ორი დღეა ექიმს უშედეგოდ ითხოვს.

ექიმების თქმით, ჩაჩიბაიას მაღლი წნევა აღენიშნება და მას ძლიერი დამამშვიდებელი პრეპარატი გაუკეთეს.

ბრალდებულის ადვოკატის გიორგი სამუშიას განცხადებით, დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ.

სასამართლო პროცესს “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია და საქართველოში NDI- ის წარმომადგენელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ.

სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

კომენტარები