როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება დაათვალიეროთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები? საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არ არსებობს, რასაც ხელოვნებთან ერთად საზოგადოების ნაწილიც განიცდის.

ჩვენ გვინდა სივრცე – აცხადებენ ხელოვანები და განმარტავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია კულტურის სამინისტროს თხოვნით მიმართავენ, გამოყოს სივრცე, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ თუნდაც მცირე ხნით მაინც გამოფინონ საკუთარი ნაშრომები.

ამ რეალობის ფონზე თანამედროვე არტის ნახვა იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია რამდენიმედღიან გამოფენებზე, რომლებიც რომელიმე კერძო საგამოფენო დარბაზში ეწყობა, ან კიდევ უფრო პრივატულ გარემოში, თავად ხელოვანთა სახლებში. დამეთანხმებით, რომ ეს რჩეულთა ხვედრია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარი თანამედროვე ხელოვნებას ეხება და ბევრი მათგანის სახელი და გვარი საზოგადოებას ჯერ არც კი გაუგია.

ხელოვანთაგან რამდენიმე პირად საუბრებში იმასაც აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას მუზეუმის გახსნის საჭიროებაზე ისაუბრეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ თხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ მათ კითხვით მიმართა: ვინ არიან თანამედროვე ხელოვანები?

ვიდრე სახელმწიფო ასეთი მუზეუმის შექმნაზე იზრუნებდეს, ფოტოგრაფებმა და მხატვრებმა საკუთარი სივრცე ღია ცის ქვეშ, ვაკე-საბურთალოს გზაზე, ”ზაკოს” (Закавказский Ваенный Округ) შენობის წინ იპოვეს და ხეების ჩრდილქვეშ საგამოფენო დარბაზების მაკეტები განათავსეს. ათამდე ხელოვანმა განსხვავებული კონცეფციის მქონე ნაშრომი წარმოადგინა, სადაც აღწერილი იყო რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში თუკი მათ სივრცე და მუშაობის საშუალება მიეცემათ.

გურამ წიბახაშვილი მიიჩნევს, რომ აქცია არ არის ამ შეკრებისთვის შესაფერისი სიტყვა და ამ ყველაფერს ზეიმი უნდა ვუწოდოთ, ხელოვნების ზეიმი. ამბობს, რომ ადგილი შემთხვევით შეირჩა და ტერიტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. მათი სურვილია, რომ საქართველოსაც ისევე, როგორც ყველა კულუტურულ ქვეყანას, ჰქონდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელსაც უფრო მეტი ინტერესი ექნება და ხელოვანებიც შეძლებენ თავიანთი ნაშრომების საზოგადოებისათვის წარდგენას.

„აქ წარმოდგენილი ნივთები, რეალურად არის თანამედროვე ხელოვნების ოთახები. იდეა არის ის, რომ ეს ყველაფერი ერთად შეკრული და აშენებული მუზეუმია. შარშანაც გვქონდა ანალოგიური შეკრება და ზუსტად ერთი წლის თავზე ისევ ვაკეთებთ. მუზეუმს თავად მხატვრები და ხელოვანები ვერ გააკეთებენ. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, ჩვენი აქ შეკრება დღეს არის იდეის მიწოდება, რომ ეს არის საჭირო“, – მიყვება გურამ წიბახაშვილი და საკუთარი საგამოფენო დარბაზის კონცეფციას მაცნობს. – „ჩემს ოთახში დამიწებულია ბევრი რაღაც: საბჭოთა ფული, ტყვია, გაზის ბალონი, რომელიც დაცლილია. დაცლილი რაც არის და უენერგიო, ყველაფერი არის დამიწებული. ზემოთ არის ცა, ღრუბელი და ქალები. იქ არის მომავალი, ზემოთ და მომავალში არის ყოველთვის საინტერესო რაღაცები.“

ფოტოგრაფ სალომე ნარსიას ოთახი მუყაოს ყუთით არის გაკეთებული. ყუთის გვერდები კედლებია, კედლებზე კი ადამიანის ხელები და თვალებია. მიიჩნევს, რომ სხეულის ნაწილები კარგად გამოხატავს ემოციას.

მხატვარმა ანდრეა დოლიძემ მუყაოზე დაწერილი სიტყვა „Space“ მოიტანა, თუმცა, მისი წაკითხვა მხოლოდ ულტრაიისფერი შუქის გამოყენების შემდეგ იყო შესაძლებელი. ანდრეა ფიქრობს, რომ დღევანდელი ქართული რეალობა ძალიან ჰგავს მის მუყაოს, სადაც რაღაც არის გაკეთებული, მაგრამ არ ჩანს. პროცესი მიმდინარეობს, მისი დაფიქსირება კი ვერ ხდება.

„როდესაც საქართველოში ჩამოდიან ხელ
ოვნებათმცოდნეები ან მხატვრები, ინტერესდებია,ნ სად შეიძლება ნახონ 80-90-იანი წლების ნამუშევრები. ჩვენ ვერაფერს ვპასუხობთ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს საქართველოში, არსად არ არის კოლექციები გამოფენილი როგორც მუდმივი ექსპონაცია. ამავდროულად, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ რაღაც პერიოდის ნამუშევრები უკვე იკარგება და ჩვენ არ გვაქვს ის სურათი, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ პერიოდში, რაც შემდეგ უკვე კულტურაში დიდ ცარიელ ადგილს ტოვებს“ – აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი.

ზეიმი სივრცის მოთხოვნით მალევე დასრულდა, ზუსტად ისე, როგორც ერთ ცნობილ ზღაპარშია, ეტლი გოგრად გადაიქცა, საგამოფენო დარბაზები კი ისევ მუყაოს, ხისა და პლასტმასისაგან შექმნილ მაკეტებად. სამწუხაროა, რომ ქართველი ხელოვანები ნელ-ნელა სივრცის საძებნელად „თბილ ქვეყნებში“ მიდიან, სადაც მათ მართლა თბილად ხვდებიან. ჩვენ კი გაკვირვებულები ვკითხულობთ: საქართველოში დღეს ვინმე რამეს ქმნის?

თათია კობიძე

კომენტარები