მერე გავიდა დრო. მელა იხვნისკარტამ ჩაანაცვლა და როცა თქვა: ჩვენი მატარებელი გადის და ვისაც შეგიძლიათ, შემოახტითო, ყველამ დაიჯერა, რომ ის სინათლე, გვირაბის ბოლოს, ეს მატარებელი იყო.

ჰოდა, ჩვენც, როგორც გვჩვევია ხოლმე, ენთუზიაზმით, „ვაშა! მიშა!“-ს ძახილითა და „თუ სამშობლოს სჭირდება, გავიჭირვებ და უფასოდაც ვიმუშავებ“-ის ღაღადით შევუდექით ამ ვირტუალური მატარებლის ვირტუალური გასვლისთვის მზადებას – ზოგი შპალების მაგივრად დაწვა ლიანდაგზე, ზოგი ქვანახშირის მაგივრად შეეკეთა ღუმელში (სად იყო მაშინ ელმავალი და კაი ცხოვრება), ზოგიც საკუთარი ოფლით მატარებლის ბორბლების გაპოხვას შეუდგა – უფრო ახლოს ვიქნები მემანქანესთან და, ვგონებ, „პრავადნიკობასაც“ გამოვკრა ხელიო!

იყვნენ ისეთებიც, ანა კარენინაობა რომ მოინდომეს და ბორბლებში ჩაუხტნენ მატარებელს, მაგრამ როდის იყო, ანა კარენინა მატარებელს, მით უმეტეს, ვირტუალურს, აჩერებდა?

ამას ემატებოდა ისიც, რომ მემანქანედ წოდებული ყოველ ცისმარე დღეს გამოდიოდა ტელევიზიით (მაშინ ჯერ მხოლოდ ხალხზე გამარჯვებული ტელევიზია ემორჩილებოდა) და იძლეოდა დაპირებებს, რომ მისი მატარებელი აუცილებლად ჩავიდოდა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე, რომ მისი მგზავრები აღარასდროს იქნებოდნენ ღარიბ-ღატაკნი და რომ ამ მატარებლის ბოლო დანიშნულება NATO და ევროკავშირი იქნებოდა.

ასე ხმაშეწყობილად, ღუღუნითა და ღიღინით შევყურებდით გვირაბს, რომლიდანაც ამ მატარებელს უნდა გავეყვანეთ.

მართალია, ბევრი მაშინვე მიხვდა (ბევრმაც მანამდე იცოდა), რომ ვერც მემანქანე იყო სრულ ჭკუაზე და არც ამ „პრავადნიკების“ ნდობა შეიძლებოდა ბოლომდე, მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ იცით – იმედი გვქონდა და არქიფოსი არ იყოს, სეთურისა – იმედი თუ აქვს კაცს, თავის დღეში ცუდს არ იფიქრებს ის!

პირველი სერიოზული დარტყმა, რამაც ჩვენი დაიმედებული გონება გამოაფხიზლა – გლდანის ეკლესიის კარზე დაჯახებული სატვირთოს ხმა იყო.

უფრო მეტი ჩვენგანი მიხვდა, რომ საქმე ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და უფრო მეტად დაეჭვდა იმ მატარებლის მიმართულების სისწორეში, რომლის გამართვასაც ასე სასოებით შეჰყურებდა.

შემდეგ იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა – საქმე, რომელმაც ყველა ეჭვი გაფანტა და ყველა კითხვას გასცა პასუხი. ვინც აქამდე ორჭოფობდა, ისიც დარწმუნდა, რომ ჩვენი იმედის მატარებელი, ჩვენივე დახმარებით, კრიმინალებმა ჩაიგდეს ხელში და საით მივდიოდით, არავინ იცოდა.

აზრზე მოსვლის პროცესი დააგვირგვინა 7 ნოემბრის მოვლენებმა – მშვიდობიანი მოშიმშილეების სასტიკი დარბევა რუსთაველის გამზირზე, შემდეგ იგივეს განმეორება რიყეზე, უტყუარი ინფორმაციის იმ დროისათვის უკანასკნელი წყაროს, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და მისი კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა (დამფუძნებლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ) გახდა დასტური იმისა, რომ ჩვენმა მატარებელმა უკვე ჩაიარა.

მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო – ჩვენ აღარაფრის შეცვლა შეგვეძლო. არჩევნები გაყალბდა და მატარებელმაც დემოკრატიული რელსებიდან უკვე აშკარად და დაუფარავად გადაუხვია ავტორიტარიზმის დეპოსკენ.

ამის შემდეგ იყო 08.08.08 და ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი.

და აი აქ ფარდა აეხადა ჩვენი ამბის მთავარ საიდუმლოს – თურმე ჩვენი მატარებელი არასდროს არსად წასულა, ისევ იქ ვიდექით, ჩაბნელებულ გვირაბში და როცა ფანჯრების წინ (ამ შემთხვევაში – ტელეეკრანებზე) მიმქროლავ სხვა მატარებლებს ვუყურებდით, გვეგონა, რომ ჩვენ ვმოძრაობდით. ეს იყო და ეს.

ჩვენი საამაყო ეკონომიკა, რომელზეც დღემდე იძახის ცრუ მემანქანე: არ ჩამოიშალაო, სინამდვილეში არც არასდროს არსებულა. ყველაფერი, რაც ქვეყანაში შენდებოდა, ერთი კონკრეტული ადამიანის პირადი ანგარიშიდან ფინანსდებოდა.

ეკონომიკის არარსებობამ განაპირობა აგვისტოს ომში ელვისებური მარცხი – არმიამ, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ინსტრუქტორები წვრთნიდნენ, და რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღება გააჩნდა, 3 დღე ვერ გააჩერა მეორადი ტექნიკით, „პარტიანკებზე“ ამოცმული ჩექმებითა და მშიერი კუჭით მომავალი რუსის ჯარი. მიუხედავად ბრწყინვალედ მოგებული პირველი შეტაკებებისა, ლოგისტიკისა და კიდევ მრავალი რამის არარსებობის გამო, ჩვენ ომი წავაგეთ.

ამას დაემატა ელიტარული კორუფცია და ქართული ბაზრის ძირითადი სეგმენტების მონოპოლიზაცია ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ, რამაც გამოიწვია ფასების განუსაზღვრელი ზრდა, ეს კი, როგორც ხდება ხოლმე, ისედაც დამშეულ და გატყავებულ მოსახლეობას დააწვა კისერზე.

და დავრჩით ასე, ფარდაახდილები, უმუშევრები, ომწაგებულები, გამწარებულები, ღარიბ-ღატაკები, ორი ცხელი წერტილით ქვეყანაში და იმედის ნაპერწკლით, ამჯერად მხოლოდ ტელეეკრანებზე, რომ ცრუ მემანქანე ბოლო დაპირებას მაინც აასრულებდა და ჩვენი მატარებელი NATO-ში უახლოეს პერიოდში შევიდოდა.

კარი მეორე

აქა ამბავი მემანქანის დაპირებებისა და მომავალი არჩევნებისა

ორიოდე დღის წინ ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ. ჩიკაგოში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“.

ერთი სიტყვით, ისაო, ესაო, თქვენი დიდი ხათრიცა გვაქვს, მაგრამ არაოოო!

ახლა უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს NATO-ში შეყვანა არ შეუძლია.

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის ბოლო და უმთავრესი დაპირებაც ჩაფლავდა.

არადა, ყველას გვახსოვს, რა ამაღლებული ტონითა და ანთებული თვალებით (ჯერ შორს იყო მახათას მთაზე ეკლესიის საძირკვლის ჩაყრა) გვპირდებოდა ჩვენი ცრუ მემანქანე ამ ყველაფერს.

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, სიღატაკის დაძლევა და საქართველოს შესვლა NATO-ში – ამ სამი ძირითადი დაპირებიდან არცერთი შესრულებულა.

ახლა დავაკვირდეთ:

ყველა ქვეყნის ხელისუფლება, წესით, უნდა გამოხატავდეს საკუთარი ამომრჩევლის აზრს და მოთხოვნებს, იცავდეს მის უფლებებსა და ინტერესებს.

სხვა თუ არაფერი, ტელეეთერით სუბტიტრებიანი ფილმების ჩვენებაზეც კი ეტყობა ჩვენს ხელისუფლებას, რომ საერთოდ არ ესმის, რა უნდა მის ამომრჩეველს.

ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო დონეზე.

ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან ომი.

ხელისუფლება უნდა ცდილობდეს სიღარიბის დაძლევას სახელმწიფოში ეკონომიკური რეფორმებით, ძლიერი კადრებითა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით.

ჩვენი ხელისუფლება ატერორებს მცირე ბიზნესს, სათავეში მოჰყავს აბსოლუტურად გამოუცდელი და სუსტი კადრები და სიღარიბის დაძლევის მოტივით ვაუჩერებს არიგებს.

ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში (თუ, რა თქმა უნდა, მისი ქვეყნის მთავარ მიმართულებად დემოკრატიაა არჩეული), საკანონმდებლო დონეზე ქმნიდეს საშუალებას დემოკრატიის განვითარებისა.

ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საკუთარ პარტიულ მოთხოვნილებებზე და კორუფციულ სისტემაზე არგებს ქვეყნის მთავარ კანონს და დემოკრატიული ინსტიტუტების სახელით საკუთარ მხარდამჭერებს ნიღბავს.

და ბოლოს – ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს საკუთარი მოქალაქეების უფლებების, მათ შორის, უმთავრესების – სიცოცხლის, განათლების, არჩევანის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების უფლებებს.

ჩვენი ხელისუფლება პოლიტიზირებული პოლიციისა და ჯიბის ტელევიზიების საშუალებით ახშობს და გზას უღობავს სიტყვის თავისუფლებას, საკუთარ პოლიტიკურ ოპოზიციას, უფრო ხშირად კი, მის უბრალო მხარდამჭერებს უსწორდება ძალადობრივი მეთოდებით და ხოცავს მათ, ხოლო განათლების სისტემის გასამხედროებით მომავალ თაობაში ნორმალური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების შანსებს ამცირებს და ქმნის ნიადაგს, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალური დროით დარჩეს ხელისუფლებაში, ვინაიდან ცნობილია, რომ გაუნათლებელი და მშიერი ადამიანის დაბნევა და მისი არჩევანის უფლების მითვისება უფრო იოლია, ვიდრე ძლიერი, განვითარებული, განათლებული და რეალიზებული მოქალაქისა.

ამ ყველაფრის შემდეგ თავისთავად ჩნდება კითხვა – არის თუ არა ეს ხელისუფლება რეალურად ჩვენი და გვინდა თუ არა ასეთი ხელისუფლება კიდევ რამდენიმე, თუნდაც 2-3-4 წლით?

პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია.

დროებით!

კომენტარები