სახალხო დამცველი მინისტრის გადაწყვეტილებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, რადგან ლიმიტი იმ დაწესებულებებშიც გაიზარდა, სადაც პატიმრებისთვის არასათანადო პირობებია და მათ ინდივიდუალური საწოლებიც კი არა აქვთ. მისი შეფასებით, თბილისის #1 და ზუგდიდის # 4 დაწესებულებები კი სრულად ამორტიზებული და გასაუქმებელია.

ცვლილების მიხედვით, ლიმიტი რვა სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის გაიზარდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის საერთო ლიმიტი 25 354 ადგილი გახდა.

–„ბრძანება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან უკანასკნელ ხანს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ განხორციელებულა არანაირი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც განაპირობებდა ლიმიტის გაზრდის მართებულობას. საყურადღებოა, რომ ამჟამინდელი ლიმიტი, რომელიც ნაწილდება 17 დაწესებულებაზე, 704-ით აღემატება ლიმიტს, რომელიც განსაზღვრული იყო 19 დაწესებულებაზე, 2011 წელს გაუქმებული ავჭალის N10 და ხონის N13 დაწესებულებების ჩათვლით, რაც თავისთავად მეტყველებს აღნიშნული ცვლილების უარყოფით ხასიათზე.

გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტეს ნაწილში პატიმრები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობითაც ვეღარ ისარგებლებენ, რომელიც CPT-ის მიერ რეკომენდირებულ ევროპულ სტანდარტზე, 4 კვ.მ.-ზე გაცილებით ნაკლებია.

პრაქტიკულად, მინისტრის ბრძანებამ ფორმალურად შენიღბა გადატვირთულობა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია წარმოადგენს ზოგიერთი დაწესებულების პრობლემას, რაც არაერთხელ იქნა ხაზგასმით აღნიშნული როგორც საქართველოს სახალხო დამცველის, ისე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშებში. მიგვაჩნია, რომ გადატვირთულობასთან ბრძოლა დაწესებულებების ლიმიტების ფორმალური ზრდით დაუშვებელია და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას.

სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს, გადაჭრილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, რომელიც, თავის მხრივ, საგრძნობლად ამძიმებს როგორც პატიმრების ყოველდღურ ყოფას, ასევე უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გადატვირთულობასთან ბრძოლისთვის, სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვა, ალტერნატიული სასჯელის ზომების უფრო აქტიური გამოყენება, პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა“–ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები