ოპოზიციონერი ლიდერის მოწოდებაზე სასაუბროდ ჩვენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას”-ს უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს მივმართეთ.

-კლიპის მიზანი იყო ძალიან მარტივი: საქართველოს მოსახლეობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია შეხვედრის ადგილისა და თარიღის შესახებ.

ამ ვიდეორგოლმა ეს ფუნქცია შეასრულა. დანარჩენი: მტრედმა რატომ გამოიფრინა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაღებული იმ ადგილას თუ შემდეგ დამონტაჟებულია ე.წ. მწვანე ტილოს გამოყენებით, ეს არის ბელეტრისტიკა. ამას არსებითი მნიშვნელობა, ჩემი აზრით, არ აქვს.

სააკაშვილმა 2003 წლის არჩევნები ასლარიანი კლიპებით მოიგო, სადაც არც ხარისხზე იყო ლაპარაკი, არც განსაკუთრებული ტექნოლოგიებისა და კამერების გამოყენებაზე. ჩვეულებრივი საინფორმაციო კლიპები იყო.

რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს საშუალება, ვგულისხმობ როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ რესურსებს, რომ გადაიღოს კლიპი, რომლის მსგავსიც საქართველოში არავის გადაუღია, თუმცა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ძალიან ბევრჯერ მოვისმინე: რატომ არ არიან სხვა ლიდერები, რატომ არ გადაიღეს ეს კლიპი უფრო ნათელ და ფერად გარემოში და ა.შ. ყველამ, ბიძინა ივანიშვილის მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც, იცის როდის და სად გაიმართება კოალიციის შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კლიპმა გაამართლა.

თუ კლიპის მხატვრულ, რეჟისორულ და ესთეტიკურ მხარეებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, რასაკვირველია, ხარვეზების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ამ პროფესიით არის დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი, სულ ასი ადამიანი მოიძებნება.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ხარვეზების შემჩნევა შეუძლებელია?

– დამერწმუნეთ, რომ ამ კადრებს ვიზუალურზე მეტად შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ასი ადამიანიც კი ვერ შეამჩნევდა, რომ მტრედმა გაიფრინა, რომელმა მანქანამ გაიარა და ნამდვილად იდგა თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმ ადგილას, სადაც ეს ნაჩვენებია კლიპში.

-პოლიტიკოსები ძალიან ხშირად იყენებენ სხეულის ენას, მეტყველებენ ჟესტებით. ბიძინა ივანიშვილს კლიპში აქვს ორი საკმაოდ მკვეთრი და გამოკვეთილი მოძრაობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით რა გზავნილები იყო ეს?

-დიახ, აქ არის ორი მკვეთრად გამოხატული მოძრაობა, რომელიც სხვა შემთხვევებში, თუნდაც მოსახლეობასთან შეხვედრისას, ან მედიასთან ურთიერთობისას ასეთი გამოკვეთილი არ ყოფილა. როდესაც ის გაშლილი ხელისგულით მიმართავს ხალხს, ფაქტობრივად, ის მასპინძლის როლში იყენებს თავს, მოპატიჟების ჟესტი იყო ეს, მაგრამ ზედმეტად მკვეთრად გამოხატული. როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დახურულ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ ასეთი ჟესტიკულაცია მისთვის არ არის ბუნებრივი. ის ძალიან ბევრ რამეს სწავლობს, რისთვისაც ძალიან ცოტა დრო აქვს. მოძრაობის ასეთი სიმკვეთრე სწორედ ამით არის განპირობებული.

მოღერებული მუშტი, ჩემი აზრით, მისთვის უფრო ბუნებრივია, ის გამოხატავს მის შესაძლებლობებს და სურვილს, რომ ბრძოლა, რომელიც მან წამოიწყო მიიყვანოს ბოლომდე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარ თავსა და მომხრეებს, გარკვეულწილად ამხნევებს, პარალელურად, ამ ჟესტით ივანიშვილი საქართველოს გამთლიანებაზეც საუბრობს. თუმცა, აქ გარკვეული მუქარის ელემენტებიც იკითხება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ბრძოლაში ხელ
ს შეუშლიან.

-კიდევ ერთი დეტალია აქ. ბიძინა ივანიშვილი ამ ჟესტებისათვის იყენებს მარცხენა ხელს. სხეულის ენაში ამას აქვს გარკვეული დატვირთვა?

-ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მარცხენა ხელის გამოყენება არის პიარ-კონსულტანტების რეკომენდაცია. ჩვეულებრივ საუბრებში ის ნაკლებად იყენებს ამ ხელს, მარცხენა ხელი მას უფრო პასიური აქვს.

-თუკი ეს კონსულტანტების რჩევაა რატომ ურჩევნდნენ მარცხენა ხელის გამოყენებას?

-იმიტომ, რომ როგორც წესი, ბიძინა ივანიშილი ძირითადად მარჯვენა ხელს იყენებს და იმისათვის, რომ სხეულის ბალანსი ყოფილიყო და სწორად გამოეყენებინა სხეულის ენა, ჩემი აზრით, ურჩიეს, რომ ნელ-ნელა მარცხენა ხელის ამოქმედებაზეც ეფიქრათ. არ მგონია, რომ მარცხენა ხელი ამ შემთხვევაში მტრულ დატვრითვას და მუქარის ელემენტებს შეიცავდეს. პირიქით, მნიშვნელოვანია სხეულის ამ ნაწილის გამოყენება, მარცხენა ხელს ვგულისხმობ იმიტომ, რომ უმოძრაოდ დატოვებული ხელი, ამ შემთხვევაში, რაღაცის დაფარვაზეც მეტყველებს ხოლმე. თუკი თქვენ დაუკვირდებით სხეულის ენის უბადლო მცოდნეს ბარაქ ობამას, ის ორივე ხელს თანაბრად იყენებს საუბრისას იმისათვის, რომ საკუთარი ღიაობა, გულწრფელობა და პოზიცია უკეთ წარმოაჩინოს.

-რაც შეეხება შეკრების ადგილს ქართველი ერის ცნობიერებაში თავისუფლების მოედანი მნიშნელოვან დატვირთვას ატარებს. მართალია ითქვა, რომ სტადიონი ტერიტორიიის სიმცირის გამო, არ იყო ხელსაყრელი ადგილი შეკრებისათვის, თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მოედანზე შეკრებას სხვა მიზეზიც აქვს?

-რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ სად მოხდება ეს პირველი შეკრება. თავისუფლების მოედანს გარდა, ტრადიციული აქციების ჩატარების ადგილისა, აქვს გარკვეული საკრალური მნიშვნელობაც. ყველა განსაკუთრებული ზეიმი, ყველა გამარჯვება ქართველმა ერმა სწორედ ამ მოედანზე იზეიმა. ეს იყო 1956, 1978 წლის გამოსვლები 1989 და შემდეგ უკვე 90-იანი წლების მოვლენები, აქ იგულისხმება მიმდებარე ტერიტორიაც. ყველა ის მნიშვნელოვანი თარიღი, რომელმაც ზოგჯერ ტრაგიკული, ზოგჯერ კი საზეიმო განწყობა შექმნა ქართველ ერში ასოცირდება თავისუფლების მოედანთან.

ვფიქრობ, რომ სტადიონების დაქირავების შეთავაზება ხელისუფლებისათვის ფანდი იყო იმისათვის, რომ შემდეგ თავისუფლების მოედანი გამოეყენებინათ. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეები, ნამდვილად ვერ დაეტეოდნენ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

კომენტარები