იტალიის დედაქალაქ რომში ბინების ძარცვის ფაქტზე პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე, ძმები დ.ბ(26 წლის) და რ.მ(30 წლის) დააკავა. დაკავება სან ჯოვანის რაიონში გუშინ დღისით მაშინ მოხდა, როცა დაკავებულები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეღწევას ცდილობდნენ.

პოლიცია შემთხვევის ადგილას მეზობლების შეტყობინების საფუძველზე მივიდა. მძარცველებმა გაქცევა შენობის სახურავიდან სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცავებმა მათი დაკავება მოახერხეს.

მოგვიანებით პოლიციამ დაკავებულთა სპეციალური სამალავიდან დიდი რაოდენობით ნაძარცვი ნივთები – ფოტოაპარატები, საათები, ტელეფონები, ძვირფასეულობა და ელექტრონული ტექნიკა ამოიღო.

მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში იტალიასა და ესპანეთში სამართალდამცველებმა ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს დაახლოებით 60-მდე მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის რამდენიმე მანდილოსანიცაა.

დაკავებულთა დიდ ნაწილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან და რამდენიმე შემთხვევაში ძარცვისა და ქურდობის დროს მათ მიერ გამოყენებულმა მეთოდიკამ და ხერხებმა ევროპელი სამართალდამცველების გაკვირვება გამოიწვია.

ზურა ბაუჟაძე

კომენტარები