ესპანეთში, ალიკანტეს ციხეში ხუთშაბათს ეთნიკურ ქართველ და მაროკოელ პატიმართა შორის შეტაკება მოხდა. ინციდენტი ციხის პირველ სართულზე დაიწყო და თავდაპირველად მასში 20-მდე პატიმარი მონაწილეობდა, მოგვიანებით კი მღელვარება 300 კაციანი საპატიმროს სამივე სართულზე ორივე ეროვნების პატიმრებს შორის გავრცელდა.

ინციდენტის გასანეიტრალებლად სამართალდამცველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები იქნა მობილიზებული. ინფორმაციას ფაქტის შესახებ ესპანური გამოცემები ავრცელებენ. ინტერნეტ გამოცემა www.diarioinformacion.com-ი იუწყება, რომ ინციდენტი დაადასტურა ესპანეთის ციხის ოფიცერთა პროფესიულმა ასოციაციამაც.

ჩხუბის მიზეზი რიგი გახდა, რომელშიც ქართველებმა წინა ადგილების დაკავება მოინდომეს. ამას კი შელაპარაკება და საბოლოო ჯამში ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც რამდენიმე პატიმარი მსუბუქად დაშავდა.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა მიიღო მსუბუქი დაჟეჟილობა. საქმე გაართულა იმან რომ, ჩხუბის დროს საპატიმროში მხოლოდ სამი ზედამხედველი იმყოფებოდა და ქართველმა პატიმრებმა ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მიმართ ძალადობრივი და გამომწვევი ურთიერთობა დიდხანს გააგრძელეს. ციხის ერთერთ მუშაკს კი მკერდზე მიყენებული ძლიერი დარტყმის გამო სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

ესპანეთის ხელისუფლების შეშფოთება იმანაც გამოიწვია, რომ საპატიმროში მყოფ პატიმართა შორის რამდენიმე ძალიან საშიშად ითვლება, და მათ შორის რამდენიმე პირი ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია. ჯერჯერობით, სხვა დეტალებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ესპანური მედია არ ავრცელებს.

ზურა ბაუჟაძე

კომენტარები