პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას, გუშინ გვიან ღამით უცნობმა პირებმა ხელკეტებით სცემეს. ის ამ დროისთვის მკურნალობას სახლში გადის. ქარდავას ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სხეულზე აღენიშნება. ქარდავა მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმინობას უკავშირებს.

ხობში “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მამუკა ქარდავას უცნობი პირები თავს სოფელ ნოჯიხევის გადასასვლელთან დაესხნენ. ქარდავას თავმდასხმელებმა ხელკეტებით სცემეს. ნაცემი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

–”ჩემი სახლის შემოსასვლელთან, სამანქანო გზა იყო გადაკეტილი, გაჩერებული იყო მანქანა, რის გამოც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებას და სახლამდე მისვლას ვერ ვახერხებდი. მითხრეს, რომ მანქანა გაფუჭებული გვაქვს, დაგველოდე შევაკთებთ და გავათავისუფლებთო. მეც ველოდებოდი, პროცესს შორიდან ვადევნებდი თვალს, უცებ მომვარდენენ, მანქანაში შემომიძვრნენ და ხელკეტებით მიწყეს ცემა. “– აღნიშნავს tspress- თან საუბრისას ქარდავა.

მისი თქმით, მას ოთხი ადამიანი ურტყამდა, ცემის შემდეგ კი მათ ტერიტორია დატოვეს. მოგვაინებით, ქარდავის თქმით, ის თავად მოვიდა გონზე და პარტიის წარმოამდგენლებს ტელეფონით შეეხმიანა.

ქარდავას ცემისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სხეულზე აღენიშნება.

დღეს, მამუკა ქარდავა “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მოინახულა.

–”მათ ეშინიათ, რომ კარგავენ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთადერთი ბერკეტი აქვთ, ხალხის დაშინება. ხალხი და სამეგრელო არ დაშინდება. “ქართული ოცნება” ისურვებდა ჩვენი ოპონენტები აქ იყვნენ კაცები, ვისთანაც შეხვედრა და ოპონირება შეიძლება. მაგრამ ისინი არიან მხდალი ადამიანები, იქცევიან ვირთხებივით. მე მათ ვპირდები, რომ პოლიტიკურ სანაგვეზეც არ იქნება მათი ადგილი. ისინი პასუხს აგებენ საქართველოს დამოუკიდებელი მარლთმსაჯულების წინაწე”– განაცხადა ალასანიამ, მისი კომენტარი და ქარდავას ფოტო– ვიდეო მასალა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მომხდარის შესახებ პოლიცია ინფორმაციას ფლობს, თუმცა ქარდავს დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა.

გასულ თვეს „ქართული ოცნების“ ხობის რაიონის მხარდამჭერები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. როგორც შორენა გელენიძე აცხადებდა, ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსი, პოლიტიკური აქტივობის გამო მას პირადად დაემუქრა.

კომენტარები