საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 24 მაისს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გასამართი მეტად მნიშვნელოვანი თამაშისათვის ემზადება. თემურ ქეცბაიას გუნდი ავსტრიაში თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური შეხვედრის სტატისით იმართება, ფაქტობრივად თურქეთთან თამაშით იწყება ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისათვის მოსამზადებელი ეტაპი და თურქებთან მატჩი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

სამწუხაროა, რომ ქეცბაიამ ნაკრებში კვლავ არ გამოიძახა მის მიერ შერისხული ნახევარმცველი, გოგიტა გოგუა. გუნდის ნახევარდაცვაში არსებული ლაფსუსების აღმოფხვრას ”ჯვაროსანთა” მწვრთნელი სავარუდოდ კანკავა-კობახიძე-დაუშვილის ტრიოთი ეცდება. გუნდს ახალი ფეხბურთელებიც დაემატნენ. ქუთაისის ”ტორპედოს” ახალგაზრდა მეკარის, ოთარ მიგინეიშვილისათვის კი სანაკრებო დებიუტი შესაძლებელია სწორედ ავსტრიაში შედგეს.

საქართველოს ნაკრები ამჟამად ავსტრიის პატარა ქალაქ ფლახაუში ემზადება მნიშვნელოვანი მატჩისთვის. ქეცბაიას განკარგულებაში შემდეგი 23 ფეხბურთელია: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვერკველია, გიორგი ფოფხაძე, ოთარ მარცვალაძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა ძალამიძე, ჯაბა ლიპარტია, ლადო დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, გურამ კაშია, ლევან მჭედლიძე. საქართველოს ნაკრებისათვის თურქეთთან შეხვედრა 2012 წელს გამართული პირველი მატჩი იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები