ჩემპიონთა ლიგის ფინალის უდავო გმირი, ლონდონის “ჩელსის“ კოტ დივუარელი ფორვარდი, დიდიე დროგბა, ჩემპიონთა ლიგის 2011–2012 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აფრიკელი ფეხბურთელის ეს აღიარება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მიუნჰენის “ალიანს არენაზე“ გამათანაბრებელი გოლის გამტანმა ფეხბურთელმა პენალტების სერიაშიც გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა და რომან აბრამოვიჩის გუნდს სანატრელი ტიტული, გუნდის ისტორიაში პირველად მოაპოვებინა.

დიდიე დროგბას აღიარება ინგლისელი ქომაგების გარდა, “ჩელსის“ მეტოქეებმაც სამართლიანად მიიჩნიეს. მიუნხენელთა თავკაცის, იუპ ჰაინკესის განცხადებით, დიდიე დროგბამ არამხოლოდ ფინალური მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების, არამედ მთელი მისი განვლილი საფეხბურთო კარიერის გამო დაიმსახურა საუკეთესოს წოდება. იტალიური “ნაპოლის“ მწვრთნელი, ვალტერ მაცარი კი, უფრო შორსაც წავიდა და დიდიე დროგბას “ყოვლისშემძლე აფრიკელი“ უწოდა!

თავად ფინალის გმირმა კი, თავისი წარმატება ლონდონური კლუბის ქომაგებს მიუძღვნა: “უკვე ორი დღე გავიდა, რაც ლონდონში ჩემპიონთა თასი ჩავიტანეთ, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩემი საუკეთესო ფეხბურთელად გამორჩევა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მთელმა გუნდმა ერთად მივაღწიეთ. გამარჯვებას “ჩელსის“ ყველა ერთგულ ქომაგს ვუძღვნი. მათ, ვისაც ყველაზე რთულ დროსაც კი არ მივუტოვებივართ“ – განაცხადა კოტ დივუარელმა ბომბარდირმა.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები