ტელეკომპანია “მე–9” არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. წუხელ, დაახლოებით ღამის 1 საათზე, რუხაძე საკუთარი მანქანით გმირთა მოედნიდან ლაგუნა ვერეს მიმართულებით მოძრაობდა, როცა გზის სავალ ნაწილზე გამოჩენილ ფეხით მოსიარულე მამაკაცს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი „სუბარუს“ მარკის ავტომანქანას მართავდა და ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. რომელთაგან ერთ–ერთი, 31 წლის მალხაზ ბიჭინაშვილ მძიმედ დაშავდა.

რუხაძესთან მანქანაში იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლებთან, ირაკლი აბსნაძე და მალხაზ ჭკადუა. მათ ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე–9 არხის თანამშრომლები კი ინციდენტის შემდეგ ალკო და ნარკო ტესტზე შეამოწმეს. ტესტის შედეგით, რუხაძე ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

საავადმყოფოში დაშავებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა თამარ რუხაძე. ბიჭინაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის, გულ-მკერდის დაზიანება და მრავლაგზის მოტეხილობა აღენიშნება.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღავნელის, შოთა უტიაშვილის ცნობით, რუხაძეს პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი თქმით მძიმედ იმყოფება და გადარჩენის იმედი ფაქტიურად არ არსებობს.

კომენტარები