ეს კვირა ქართული ფეხბურთის მოყვარულებისათვის განსაკუთრებით რთული იქნება. სწორედ ამ დღეებში უნდა გაირკვეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილი ბედი, რომელსაც ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც სავარაუდოდ მისი საფეხბურთო კარიერის დასასრული აღმოჩნდება.

გერმანიის ჩემპიონატის უკნასკნელ შეხვედრაში ბერლინის “ჰერტას“ ქართველმა ფეხურთელმა ორ თანაგუნდელთან ერთად, მატჩის არბიტრი, ვოლფგანგ შტარკი სცემა და ამ ინციდენტს არაერთი ადამიანი შეესწრო.

ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გერმანიის ბუნდესლიგის ფლეი–აუტის მატჩში, სადაც ერთმანეთს დიუსელდორფის “ფორტუნა“ და ბერლინის “ჰერტა“ ხვდებოდნენ, მატჩის არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და თამაშის საბოლო ანგარიშზე (შეხვედრა 2:2 დასრულდა) გავლენა მსაჯმაც მოახდინა. ამის გამო მოხდა ისე, რომ ლევან კობიაშვილის გუნდი რანგით მეორე ლიგაში – მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, რაც ბერლინელი გულშემატკივრებისათვის ტრაგედიის ტოლფასი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ბერლინელმა ფეხბურთელმა, რომელთა შორისაც ლევან კობიაშვილიც იყო, შტარკს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არბიტრის მტკიცებით, ინციდენტში განსაკუთრებით “ჰერტას“ ქართველი კაპიტანი, ლევან კობიაშვილი და სერბი ანდრე მიატოვიჩი აქტიურობდნენ.

როგორც უკვე ვთქვით, ლევან კობიაშვილი ბერლინური კლუბის კაპიტანია და სწორედ მას მოეთხოვებოდა თანაგუნდელების დაშოშმინება. ამის საპირისპიროდ, ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მიიღო გერმანული მედიისგან “ჩხუბისთავის” სტატუსი, რაც გერმანიის ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა შესაძლებელია მის წინააღმდეგ მთავარ არგუმენტადაც გამოიყენოს. ინციდენტით გერმანელი სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ და თუკი მსაჯის ცემაში მხილებულ ოთხეულს ბრალდება დაუმტკიცდა, ფინანსურ სანქციასთან ერთად, ფეხბურთელებს ორწლიანი დისკვალიფიკაციაც ემუქრებათ.

ლევან კობიაშვილი გარდა იმისა, რომ ბერლინის “ჰერტას“ კაპიტანი და ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა, წელს რეკორდსმენიც გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაატრა და პირველი არაგერმანელი ფეხბურთელი გახდა, ვინც გერმანიის სტადიონებზე მთლიანობაში 470 საათზე მეტი დრო გაატარა. მან ამ მაჩვენებლით ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორებიც არიან ბრაზილელი ზე–რობერტო და დანიელი ოლე ბიორნმოსი.

კობიაშვილმა შარშან რეკორდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართული მატჩების მხრივაც დაამყარა. ის საქართველოს ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ნაკრების მაისურით 100–ზე მეტი მატჩი გამართა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ძირითადად ახალბედა ფეხბურთელები თამაშობენ, 34 წლის ლევან კობიაშვილის რეკორდი სავარაუდოდ კარგა ხნის მანძილზე ხელშეუხებლად დარჩება.

ლევან კობიაშვილი ამ ეტაპზე მსაჯის ცემის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა იმას კი აღიარებს, რომ მატჩის არბიტრთან თამაშის შემდეგ შელაპარაკება მართლაც მოუხდა. ლევანის მსგავსად, არც მისი თანაგუნდელები აღიარებენ ვოლფგანგ შტარკის ცემის ფაქტს. ქართველის გარდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირი დასჯით “ჰერტას” კიდევ სამ ფეხბურთელს – ტომას კრაფტს, კრისტიან ლელს და ანდრე მიატოვიჩს ემუქრება. ასევე, არაა გამორიცხული “ფორტუნას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეას ლამბერტციც დასაჯონ. როგორც გერმანული საინფორმაციო საშუალებები წერენ, დიუსელფორფელ ლამბერტცს მსაჯის დაცვა გადაუწყვეტია და ჩხუბში ამიტომ ჩართულა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც დაძაბული ვითარება.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ გერმანელი არბიტრი, ვოლფგანგ შტარკი მსოფლიო ფეხბურთში ცნობილი ფიგურაა და მას არამხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანდობენ შეხვედრების განსჯას. შტარკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე და ევროპის ჩემპიონატზეც იყო მსაჯად მიწვეული. უეფას მაღალჩინოსნები მის პროფესიონალიზმს მაღალ შეფასებას აძლევენ.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები