საქართველოს ორი ჩემპიონი ჰყავს და ორივე კლუბი მიიჩნევს, რომ უსამართლობის მსხვერპლია, ვინაიდან “მეტალურგის“ ქომაგებიც და გუნდის ხელმძღვანელობაც უეფას მონაცემებით თავს ჩემპიონად მიიჩნევენ, ზესტაფონელები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცვლილი მონაცემებით არიან ჩემპიონები.

საქართველოს რიგით XXIII–ე საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. თუმცა, ჯერ კიდევ არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელიც კლუბი გახდა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი. გაურკვევლობა წარმოშვა იმან, რომ ორმა კლუბმა, “ზესტაფონმა“ და რუსთავის “მეტალურგმა ჩემპიონატის ბოლოს თანაბარი – 55–55 ქულები დააგროვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით კი ჩემპიონი ზესტაფონური კლუბი გახდა.

უცნაური ის არის, რომ თავიდან სფფ–ს პოზიციას არ იზიარებდა არც რუსთავის გუნდის ხელმძღვანელობა და არც უეფა. ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე თავიდან ჩემპიონად “ზესტაფონი“ იყო გამოცხადებული, რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. რადგან, სფფ ჩემპპიონად ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, “მეტალურგს“ თვლიდა. როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატი ე.წ. ორმაგი სიტემით ტარდება. ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას თავიდან 14 გუნდი იწყებს, შემდეგ გუნდების რაოდენობა და დაგროვილი ქულები ნახევრდება. უმაღლეს ლიგას მეორე ლიგიდან ოთხი კლუბი ემატება. დარჩენილი გუნდები კი ცალკე ჯგუფს ქმნიან. აქედან ერთნი საპრიზო ადგილებს ეცილებიან ერთმანეთს, მეორენი კი უმაღლესში დარჩენისათვის იბრძვიან.

ჩემპიონატის ბოლოს, სწორედ ასეთმა რთულმა სისტემამ გამოიწვია გაუგებრობა. პირველი ეტაპის შემდეგ, ქულების განახევრებამ “ზესტაფონი“ აზარალა, თუმცა ჩემპიონობის წესი ნათლად არ იყო დაფიქსირებული საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტში, სადაც წერია, რომ თუკი 1–2 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, პირველადგილოსნის ვინაობას ურთიერთშეხვედრების ბალანსი წყვეტს. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე “ზესტაფონსა“ და “მეტალურგს“ შორის უპირატესობა ურთიერთთამაშებში ზესტაფონელებს ჰქონდათ, მეორე ეტაპზე კი რუსთაველებს.

სფფ-ს პრეზიდენტის დომენტი სიჭინავას გუშინდელი განცხადებით, საქართველოს ჩემპიონი “ზესტაფონი” გახდა და ეს საკითხი აღარ გასაჩივრდება, რადგან აღმასკომი არის უმთავრესი ორგანო, რომლის დასკვნის საფუძველზეც 2012 წლის ჩემპიონი “ზესტაფონია.”

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები