2 ივნისს, არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ეკვადორის ნაკრებს ხვდება. მატჩი არგენტინაში გაიმართება და მასპინძლები ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. არგენტინელთა გუნდის თავკაცმა უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ეკვადორს დაუპირისპირდებიან.

დასახელებულ ფეხბურთელთა შორის არ აღმოჩნდა ინგლისური ”მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი, რამაც ტევესის გულშემატკივრების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გულშემატკივრებმა საბელიას სახლთან პიკეტიც კი მოაწყვეს კარლოს ტევესის გუნდში გამოძახების მოთხოვნით. თუმცა, არგენტინელთა მწვრთნელი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არგენტინელთა მწვრთნელის მიერ შერჩეული შემადგენლობები განსჯისა და კამათის საბაბი ხდება. ”ვერცხლისქვეყნელთა” გუნდისთვის უამრავი ისეთი კანდიდატი ისინჯება, რომელიც მართლაც მაღალი დონის ფეხბურთელია და ვინაიდან მინდორზე მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი გადის, ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენილ ფეხბურთელებს ხშირად წყენის დამალვა უჭირთ.

ეკვადორთან მატჩის შემდეგ, არგენტინელები ამხანაგურ შეხვედრაში მათ მარადიულ მეტოქეს, ბრაზილიის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ამიტომ, არგენტინელთა სამწვრთნელო შტაბმა ორივე ამ შეხვედრისთვის ფეხბურთელები ერთად გამოიძახა. ალეხანდრო საბელიას რჩეულები არიან: მეკარე: სერხიო რომერო (სამპდორია);

მცველები: პაბლო საბალეტა (სიტი), მარკოს როხო (სპარტაკი, მოსკოვი), ფედერიკო ფერნანდესი, უგო კამპანიარო (ორივე – ნაპოლი), ესეკიელ გარაი (ბენფიკა), მატიას როდრიგესი (უნივერსიდად დე ჩილე);

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), მაქსი როდრიგესი (ლივერპული), ფერნანდო გაგო (რომა), ანხელ დი მარია (რეალი), ხოსე სოსა (მეტალისტი), პაბლო გინიასუ (ინტერნასიონალი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (სიტი), გონსალო იგუაინი (რეალი), ედუარდო სალვიო (ატლეტიკო), ესეკიელ ლავესი (ნაპოლი).

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები