„დილაობით, ბავშვი მიყავდა ბაღში. დღეს თავისმა ძმამ, მინდიამ წაიყვანა. მინდიას ჰკითხეს ირაკლი დავითაძე ხომ არ იყო. მან უპასუხა, რომ ის მისი ძმაა და მოსთხოვეს მასთან წაგვიყვანეო. სახლში მიყვანისას, ორმა მათგანმა ფოლკსვაგენის ტიპის შავი ფერის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს,“ – ყვება ზურაბ დავითაძე, ირაკლის ბიძია.

ირაკლის მეუღლე, გიული დავითაძე, კი იხსენებს, რომ : „ჩემს მეუღლეს ბავშვი ჰყავდა აივანზე. სთხოვა, წინდებს მაინც ჩავიცვამო. წინდებისათვის ოთახში შესულს ორი მათგანი გაჰყვა. შემდეგ ჩასვეს მანქნაში და წაიყვანეს. ჩვენს არც ერთ შეკითხვაზე არ ვუპასუხით. არც რაიმეზე მოუწერინებიათ ხელი”.

ოჯახის წევრებს განცხადებით, ავტომანქანა, რომლითაც ირაკლი წაიყვანეს, შავი ფერის იყო. ზუსტად ვერ იხსენებენ ნომერს, რომელიც 550 ან 530 იყო, რაც შეეხება სერიას _ მისი დამახსოვრება ვერ მოახერხეს. დავითაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ირაკლის წასაყვანად მოსული სამი პირი მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ სამართალდამცველები იყვნენ, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილები და არც საბუთები ან დაკავების ორდენი წარუდგენიათ.

ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია, რის გამოც შეიძლებოდა მისით სამართალდამცველები დაინტერესებულიყვნენ, არ აქვთ. არ საუბრობენ არც პოლიტიკურ და არც სხვა ნიშნით ზეწოლაზე.

ირაკლი დავითაძე ინდმეწარმეა და თურქეთიდან შემოსული ხილ-ბოსტნეულის რეგისტრირებას ახდენდა. ოჯახმა უკვე დატოვა განცხადება გონიოს პოლიციის განყოფილებაში მომხდარის თაობაზე და დაუკავშირდა სახალხო დამცველს.

მაკა მალაყმაძე

კომენტარები