ახალი ამბავი არაა, რომ გერმანული საფეხბურთო კლუბი, დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ უდიდესი პროგრესი განიცადეს უკანასკნელ წლებში და მიუნხენის “ბაიერნს” ძლიერ და ჯანსაღ კონკურენციას უწევენ. დორტმუნდის ”ბორუსიას“ სპორტული მიღწევების გარდა, ფინანსურადაც ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს.

გუშინ BVB-მ გამოაქვეყნა ბოლო 6 თვის ფინანსური ანგარიში, სადაც კარგად ჩანს მათი ფინანსური წინსვლა. ამ პერიოდში, გუნდის საერთო შემოსავალმა 101.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც უდიდესი მაჩვენებელია. ასეთ მოკლე დროში 100-მილიონიანი ბარიერის გადალახვა მათთვის სარეკორდოა.

კმაყოფილებას არ მალავს კლუბის გენერალური მენეჯერი, ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელიც ამბობს, რომ ბოლო წლებში დორტმუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა ფინანსების მხრივ. 100 მილიონიდან სუფთა მოგება 16.7 მილიონი ევროა, რაც 12.4 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დორტმუნდელთა ფინანსურ მიღწევებზე მიუთითებს მარკო როისის შეძენაც. რომელშიც 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. გამოდის, რომ დორტმუნდელებმა როისის საყიდელი ფული 6 თვეში გამოიმუშავეს.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები