ახალი მოედნის საპროექტო მშენებლობის სამუშაოებისათვის ქალაქის მერიამ უკვე გამოყო 870 ათასი ლარი. პროექტი შემუშავების ეტაპზეა და საბოლო სახეს მალე მიიღებს და მშენებლობა წელსვე დაიწყება.

აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნოდარ ფუტკარაძის ინფორმაციით, ახალი ფეხბურთის მოედანი ქალაქის სამხრეთით, აეროპორტისა და მდინარე ჭოროხს შორის არსებულ ტერიტორიაზე, ზღვის სიახლოვეს აშენდება და იგი დაახლოებით 35 ათას კაცს დაიტევს.

– “ეს იქნება ევროპული დონის თანამედროვე ნაგებობა. მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ახლა კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება.” – განაცხადა ფუტკარაძემ Tspress.ge-სთან საუბრისას.

რა დაუჯდება ფეხბურთის ახალი მოედანი ბათუმის მერიას, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც საბოლოო ხარჯთაღრიცხვა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ფუტკარაძის წინასწარი ინფორმაციით, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ფეხბურთის მოედანი ერთ კაცზე დაახლოებით 1 ათას ევრომდე ჯდება. აქედან გამომდინარე ბათუმის ფეხბურთის მოედანი შესაძლოა რამდენიმე მილიონი ევროც კი დაჯდეს.

კომენტარები