უცნობი პირების მიერ გუშინ დილას ახსნა-განმარტებების გარეშე საკუთარი სახლიდან წაყვანილი ბათუმის მცხოვრები, ირაკლი დავითაძე ოჯახს მხოლოდ საღამოს, სხვისი მობილურით დაუკავშირდა. მისი თქმით, ის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებოდა ფინანსურ პოლიცაში. საქმის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები კი, რომლებმაც გუშინ დავითაძე შესაბამისი ბრძანების და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე წაიყვანეს, როგორც გაირკვა ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

გარდა დავითაძისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ბათუმიდან რამდენიმე პიროვნება აიყვანა და თბილისში დასაკითხად ჩაუყვანიათ. უცნობია, ასევე თუ რა საქმესთან დაკავშირებით მოხდა მათი დაკითხვაც.

თუ რატომ მოხდა აღნიშნული მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ამასთან დაკავშირებით ფინანსური პოლიციის პრესასმსახურმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ იმ დაპირებით შემოიფარგლა, რომ მოგვიანებით მოგვაწოდებნენ ინფორმაციას. დაპირებული ინფორმაცია ამ დრომდე არ ჩანს, თავად დავითაძე კი კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით, დაახლოებით 10 საათისთვის უცნობმა პირებმა სახლიდან წაიყვანეს ბათუმში მცხოვრები ირაკლი დავითაძე, რის შემდეგაც გათიშულია დავითაძის ტელეფონი. ოჯახს საღამომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა მისი ადგილსამყოფელის თაობაზე.

მაკა მალაყმაძე

კომენტარები