დღეს თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 27 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალი აქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეთოთხმეტედ ტარდება და ის წლიდან წლამდე მასშტაბებსაც იფართოებს.

თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობების მიერ სხვადასხვა სახის აქციები, ლიტერატურული ვიქტორინები, პრეზენტაციები იგეგმება.

ფესტივალზე მისულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ლიტერატურული კონკურსის “საბა” 2012 წლის ფინალისტებს და მათ “თიბისი ლიტრუმში”, მე-11 პავილიონში შეხვდეს. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, გაიმართება აქცია “აჩუქე წიგნი ახალ მკითხველს!”, რომლის ფარგლებშიც შეგროვილი წიგნები, დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, წეროვანის დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას გადაეცემა. წიგნების დონაცია შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებს.

კიდევ ერთი სიახლე, რაც წლევანდელ წიგნის ფესტივალზე იგეგმება, არის 700 ლარამდე ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერი, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მთავარი ბიბლიოთეკა მიიღებს და ამ ვაუჩერის საშუალებით მათ საკუთარი ფონდების ახალი ლიტერატურით განახლების საშუალება სწორედ ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ. აქციის მიზანი ბიბლიოთეკების ახალი გამოცემებით გამდიდრება და მათი ხელშეწყობაა.

საინტერესოა ის აქციები, რომლესაც ცალკეული გამომცემლობები სთავაზობენ მკითხველს. მაგალითად გამომცემლობა “დიოგენე” ფესტივალის ფარგლებში ყველა გამოცემას ნახევარ ფასად, 50 %-იანი ფასდაკლებით შეთავაზებს. გარდა ამისა, მოხდება ახალი სერიის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” პრეზენტაცია, რომელიც 7 ახალ გამოცემას მოიცავს და თითოეული მათგანი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ახალ პროექტს “ლიტერატურა გურმანებისთვის” წარადგენს, რომლის ფარგლებშიც ავტორები ფესტივალზე მისულ სტუმრებს თავიანთი მომზადებული კერძებით და საინტერესო ამბებით გაუმასპინძლდებიან. იგეგმება ასევე ახალი გამოცემების პრეზენტაციაც.

ახალ პროექტ “მაკულიტერატურას” წარადგენს გამომცემლობა “პალიტრა L”-იც, რომელიც მკითხველებს საშუალებას მიცემს მაკულატურის სანაცვლოთ ახალი ლიტერატურა მიიღონ და ამით როგორც საკუთარ ჯიბეს, ასევე გარემოს გაუფრთხილდნენ.

ფესტივალის ოფიციალური გახსნა დღის 1 საათზეა დაგეგმილი და ღონისძიებაში კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი საგამოფენო ცენტრ ექპოჯორჯიაში გაიმართება.

კომენტარები