აფხაზები ფიფას აფხაზური ფეხბურთის აღიარებას სთხოვენ. მას შემდეგ, რაც ფიფამ კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგური მატჩების გამართვის ნება დართო, ევროსარბიელზე ამხანაგური შეხვედრების გამართვის სურვილი აფხაზებსაც გაუჩნდათ.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯამალ გუბაზმა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტს ოფიციალური თხოვნის წერილი მისწერა, სადაც აფხაზური ფეხბურთის ხელმძღვანელები იოზეფ ბლატერს კოსოვოს მსგავსი პრივილეგიის მინიჭებას სთხოვენ.

ჯამალ გუბაზის წერილი მოიცავს ასევე თხოვნას იმის შესახებ, რომ აფხაზებს საკლუბო ტურნირებში ჩართვის სურვილი იქნეს გათვალისწინებული და ამისათვის, რუსეთის თუნდაც რანგით დაბალ ლიგაში აფხაზეთის მინიმუმ ერთი კლუბის მონაწილეობის უფლება მიეცეთ.

“ცნობილი ამბავია, რომ ფიფა პოლიტიკაში არ ერევა. არც ჩვენ გვსურს პოლიტიკაში ჩარევა. ჩვენ მხოლოდ აფხაზური გუნდებისათვის მატჩების გამართვის ნებართვას ვითხოვთ. გვჯერა, რომ ფიფა სათანადოდ გაითვალისწინებს ჩვენს სურვილებს. მით უმეტეს, რომ დღეს აფხაზეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგადაა განვითარებული“ – ნათქვამია ჯამალ გუბაზის წერილში.

როგორც იცით, დღეს აფხაზურ კლუბებს და მით უმეტეს, აფხაზეთის ნაკრებს, საერთაშორისო ამხანაგური მატჩების გამართვის უფლებაც კი არა აქვთ. ანალოგიურ მდგომარეობაშია ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, სადაც იმასაც ვერ ეგუებიან, რომ საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით, ცხინვალის “სპარტაკი“ საქართველოს ჩემპიონატში გამოდის. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, აფხაზებისა და ოსების იმედები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჩნდათ, როდესაც ფიფამ კოსოვოს ნაკრებს დიდი ფეხბურთისაკენ მიმავალ გზაზე “მწვანე შუქი“ აუნთო.

როგორც საფეხბურთო სპეციალისტები ვარაუდობენ, ფიფა აფხაზების თხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამის მიზეზი პირველ რიგში ისაა, რომ ევროპული სახელმწიფოები აფხაზეთს, როგორც სახელმწიფო სუბიექტს არ აღიარებენ. ამას გარდა, კლუბები სახელწოდებით: “გაგრა“ და სოხუმის “ცხუმი“ საქართველოს ჩემპიონატში გამოდიან. ამ კლუბებს ევროტურნირებზე თამაშის საშუალებაც ეძლევათ. (მაგალითად, შარშან “გაგრამ“ ევროპა ლიგაზე ითამაშა) და ამის ფონზე, ფიფას მხრიდან აფხაზებისათვის საერთაშორისო თამაშების ჩატარების უფლების მიცემა არარეალური ჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები