ტელეკომპანია “მზის” დასაბრუნებლად, რომელმაც მფლობელებთან ერთად მაუწყებლობის ფორმატიც შეიცვალა და ამჟამად გასართობი, გადაცემებით მაუწყებლობს, ვანო ჩხარტიშვილი გააქტიურდა. მან საერთაშორისო მაუწყებელი –“მზერაც” დააფუძნა. მედიაექსპერტი ია ანთაძე მედიამფლობელის გააქტიურებას პოლიტიკური პროცესებს უკავშირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მედიაბაზარზე არხი წინასაარჩევნო პერიოდში არ გამოჩნდება.

ტელეკომპანია მზის დასაბრუნებლად, მისმა ყოფილმა მფლობელმა ვანო ჩხარტიშვილმა სამართლებრივი პროცესი დაიწყო. მისი ინფორმაციით, მან ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი –“მზერა“ დააფუძნა და ტელევიზიის დასაბრუნებლად ბრძოლაც მას შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნულზე ჩხარიტიშვილმა სპეციალური განცახდება გაავრცელა, სადაც ის ტელევიზიის დათმობის მიზეზებზეც საუბრობს.

“პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპანია „მზე“ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ – ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი”– აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია “მზის” ამჟამინდელი მფლობელები, ლევან ყარამანიშვილი (-90%) და გიორგი გეგეშიძე ( – 10%) არიან. ტელეკომპანია ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას და ლიცენზიის სახეობა – სპეციალიზებულია, შემეცნებით-გასართობი, არხს საინფორმაციო სახის გამოშვებების გავრცელების უფლება არა აქვს.

ტელეკომპანია მზის ყოფილი თანამშრომელი, “ქრისტიან–დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენელი, ინგა გრიგოლია კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასიკეთოდ ჩხარტიშვილის გააქტიურების საკითხზე საუბარს და ვარაუდების გამოთქმას თავს არიდებს და ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. კერძოდ იმაზე, როგორ შეუცვალეს ერთ–ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას მაუწყებლობის ფორმატი და როგორ აქციეს გასართობ, არაყურებად არხად.

“როდესაც მე დავიწყე იქ მუშაობა ტელეკომპანია “მზე” ნამდვილად ეკუთვნოდა ვანო ჩხარტიშვილს. ის სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს ეჩხირებოდა თვალში, იმიტომ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ “მზემ” პირველმა შეუტია “ნაციონალურ მოძრაობას.” რევოლუციიდან 2–3თვეში ჩხარტიშვილი და მისი მედია კონტრრევოლუციაში დაადანაშაულეს, მახსოვს იდიოტის როლში ვიყავი, როდესაც აბსურდულ ბრალდებებზე მიხდებოდა კომენტარის გაკეთება. შემდეგ კი მას მაქინაციების თუ დიდი ზეწოლის შემდეგ უარი ათქმევინეს კომპანიაზე და “მზემ შეიცვალა თავის ფორმატი” – აცხადებს tspress- თან საუბრისას ინგა გრიგოლია, რომელიც აღნიშნულ პროცესებში პირადად პრეზიდენტს ადანაშაულებს.

“როცა ტელეკომპანია მზეში დაიხურა თოქშოუ”ღამის მზერა” და ბოლო გადაცემის შესახებ მაყურებელსაც ვაცნობე, დამირეკა ეკა ხოფერიამ, რომელსაც იმ დროს “რუსთვი 2”-ში, “ღამისკურიერი” მიყავდა, მითხრა დღეს ეროსიმ დამიბარა გადაცემა იხურებაო. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში ხდებოდა, რადგან არ შეიძლება ორი ადამიანს ერთდროულად მოუნდეს ყველაზე რეიტინგული გადაცემების დახურვა”– აღნიშნავს გრიგოლია. მისი თქმით, ტელევიზიის მფლობელებს თავის დროზე, გადაცემების დახურვის დროს უნდა გაეხმაურებიათ და გაეპროტესტებინათ ყოველივე, თუმცა მისი თქმით, საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას ყველა ეტაპზე მიესალმება და სხვებსაც მოუწოდებს ჩხარტიშვილის მიბაძონ.

ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზიის დაბრუნებისთვის ბრძოლას პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას უკავშირებს მედიაექსპერტი, ჟურნალისტი, ია ანთაძე.

“პოლიტიკურ პროცესის გააქტიურებასთან ერთად იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სერიოზული ბერკეტები უჩნდებათ სურვილი ეს ბერკეტები ისევ გაიმყარონ. კულუარებში რა ხდება და რა მოლაპარაკება აქვს ხელისუფლებას თავის ყოფილ პარტნიორებთან ჯერ დაფარულია, ჩხარტიშვილიც ის ფიგურაა, რომლთან დაკავშირებითაც ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუნდაც იმდროინდელი პროცესების შესახებ, რა ხდებოდა სინამდვილეში”– აღნიშნავს ანთაძე.

ანთაძისთვის უცნობია რა კონკრეტული გეგმები აქვს ჩხარტიშვილს, რა პერიოდზე აქვს გათვლა– შემოვიდეს მედია ბაზარზე და რამდენად რეალურია იგი, თუმცა მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მდგომარეობის კუთხით საქართველოში გარდამტეხი როლის შესრულებას გამორიცხავს.

–”პირდაპირ ვთქვათ, რომ ის ვერ გახდება ძლიერი მოთამაშე წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ასე ვერ მოხდება. ეს იქნება გათვლილი არჩევნების შემდგომ პერიოდზე, რომ ეს ტელევიზია ისევ შემოვიდეს მედიაბაზარზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოხდება არჩევნებზე, საქართველოს სჭირდება სხვადსხვა აზრი, პლურალისტური დამოკიდებულება პროცესების მიმართ. თუ ახალი ტელევიზია გაიხსნება, ახალი რესურსი ჩაიდება მედიაში და თუნდაც ამას ახლდეს პოლიტიკური ინტერესი საზოგადოებისთვის, მაინც საინტერესო იქნება.”– განმარტავს ანთაძე.

მისი თქმით, საინტერესოა ისიც, რა ფორმატით მოუწევს ჩხარტიშვილს არხის დაბრუნება და რას გადაწყვეტს მარეგულირებელი.

“თავის დროზე იყო გადაწყვეტლი, რომ არხი სერიოზულ პროცესებიდან გაეთიშათ და მოახერხეს კიდეც, დარწმუნებული ვარ ჩხარტიშვილს მისი დაბრუნება გასართობი გადაცემებისთვის არ სჭირდება, ამიტომ ერთ–ერთი მთავარი საკითხი მაუწყებლის სახეობის ლიცენზიაცაა.”– განმარტავს ანთაძე.

იზა სალაყაია

კომენტარები