ერთ ლარად გაყიდული ისტორიული პეტრას ციხესიმაგრე ინგრევა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე მე-6 საუკუნის პეტრას ანუ ქაჯეთის ციხის კედლები დაიბზარა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კოშკი ჩამოქცევის პირასაა. ბზარები თავდაპირველად რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, თუმცა, ორიოდე კვირის წინ საქართველოში და აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის დროს კედლებს შორის არსებული ნაპრალები უფრო თვალსაჩინო გახდა.

-” შეიძლება ითქვას, რომ ციხის რამდენიმე ადგილას ავარიული მდგომარეობაა შექმნილი. ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება უკვე საშიშია. რამდენიმე უბანი სასწრაფო გამაგრებით სამუშაოებსა და რესტავრაციას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კედელი და სამხრეთის კოშკი შესაძლოა ჩამოიქცეს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქ ხშირად დამთვალიერებლები დადიან, არ არის გამორიცხული ტრაგედია დატრიალდეს,” – აცხადებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი დირექტორი, ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი.

პეტრას ციხეზე არსებული მდგომარეობის შესახებ უკვე საქმის კურსშია აჭარის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტო, რომელშიც აცხადებენ, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ და ცდილობენ უზრუნველყონ გამაგრებითი სამუშაოები. თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლები ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, როდის მოხდება ისტორიული ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება.

გადაწყვეტილებიდან რესტავრაციის დაწყებამდე იურიდიული პროცედურებია მოსაგვარებელი, რომელიც სპეციალური დოკუმენტაციის და პროექტის შექმნას, ტენდერის მეშვეობით იმ კომპანიის გამოვლენას ითვალისწინებს, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამ პროცედურებს კი რამდენიმე თვე დასჭირდება, მაშინ როდესაც ციხეს სასწრაფოდ ჭირდება მიხედვა. დღეისთვის ციხე აღარც სახელმწიფოს კუთვნილებაა და არც ინვესტორის ზრუნვის ქვეშ იმყოფება.

პეტრას ციხე და მისი მიმდებარე სამი ათას 200 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გასული წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ 49 წლიანი იჯარით ერთ ლარად Georgian invest international company-ს გადასცა. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ თავისთავზე ვალდებულება აიღო, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მოახდენდა პეტრას ციხის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, სავალი ბილიკების მოწყობასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. თუმცა, დღემდე იქ არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა Tspress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ “პეტრას ციხის ტერიტორიის იჯარით გაცემა დადებითი გადაწყვეტილებაა და ამით ძეგლს პატრონი გამოუჩნდა, რომელიც მას მიხედავს. – ეს არ არის ძეგლის გასხვისება. ამ გადაწყვეტილებით ძეგლს პატრონი გამოუჩნდა და იგი მიხედავს მას.”

პეტრას ციხე სოფელ ციხისძირში ზღვის პირას მდებარე მაღალ ბორცვზე მე-6 საუკუნეშია აგებული და მას ორი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საქართველოში უძველესი მე-4 საუკუნის ბაზილიკური ეკლესიისა და წარმართული სალოცავის ნაშთები. ციტადელშია დაცული სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს. მის გასწვრივ ზღვაში კი არქეოლოგთა ინფორმაციით, შენობების ნანგრევებია ჩაძირული. ციხის ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტები: ანტიკური ძვირფასეულობა, კერამიკა, საიუველირიო ნაწარმი, მონეტები, მოზაიკის ნაშთები და სამხედრო აღჭურვილობა კი პეტერბურგის ერმიტაჟისა და ბათუმის მუზეუმებშია დაცული.

ზურა ბაუჟაძე

კომენტარები