გუშინ, ავსტრის ქალაქ ზალცბურგში, “რედ ბულის“ სტადიონზე საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ ვერ გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა მთლიანობაში სათანადო წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს თურქებს და ლოგიკური ანგარიშით, 1:3 დამარცხდნენ.

შეხვედრა თავიდანვე თურქების უპირატესობით დაიწყო. მეტოქე გუნდიდან განსაკუთრებით მადრიდის “რეალის“ ფეხბურთელი, ნური შაჰინი აქტიურობდა, რომელიც დიდ თავსატეხს უჩენდა ჩვენს დაცვასა და გოლკიპერს. მეტოქემ პირველი გოლი 12 წუთზე გაგვიტანა, რასაც ჩვენს გუნდში სრული ქაოსი მოჰყვა.

რამდენიმე ეპიზოდში, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ თურქთა შეტევების განმუხტვა მოახერხა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენს კარში გაშვებული მეორე გოლში დამნაშავე თბილისის “დინამოს“ გოლკიპერი ნაკლებად იყო. ქართველმა მცველებმა ნური შაჰინი საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვეს და თურქული ფეხბურთის ვარსკვლავს, ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის საწყის პერიოდში ქართველები გამოცოცხლდნენ და უკრაინაში მოთამაშე დავით თარგამაძემ პრესტიჟის გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ, უპირატესობა კვლავ თურქების მხარეზე გადავიდა. აბდულა ავჯის გაწვრთნილი თურქები თემურ ქეცბაის გუნდს თითქმის ყველა მხრიდან უტევდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მეორე ტაიმში ქართველების გამოცოცხლებისა, მეტოქე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

მატჩის კულმინაცია 82 წუთზე დადგა, როდესაც საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული 11 მეტრიანი დარტყმა თურქმა ინანმა უზადოდ შეასრულა და ზალცბურგის სტადიონის ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 1:3 ააციმციმა. ქართველი ქომაგებისათვის გულსატკენი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2012 წელი დამარცხებით დაიწყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თურქეთის ნაკრები ჩვენს გუნდს თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 15 აგვისტოს გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდი საკმაოდ სუსტ ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. იმედია ქართველ ქომაგებს ლუქსემბურთან შეხვედრა მაინც გამოუკეთებს ხასიათს. თუმცა, იმ თამაშით, რაც ჩვენმა გუნდმა თურქეთთან აჩვენა, ლუქსემბურგთან გამარჯვებაც გაგვიჭირდება.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები