თუკი ესპანურ საინფორმაციო სააგენტოებს დავერწმუნებით, მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მილანის” ბრაზილიელი ფორვარდის, ალეშანდრუ პატოს მადრიდში წაყვანას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ცნობილი ამბავია, რომ დონ ფლორენტინოს ბოლო წლების მანძილზე მილანური გუნდის ადმინისტრაციასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, რამაც პირველ რიგში შეუწყო ხელი რიკარდო კაკას ურთულეს ტრანსფერს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მრავალი ადამიანის გასაკვირად, მაინც განხორციელდა.

მადრიდული გუნდის ბრაზილიელი ფორვარდი გასულ სეზონში ნამდვილად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ეს მის კლასს ეჭვის ქვეშ ვერ აყენებს, რადგან არავისათვის არის ახალი ამბავი, რომ პატო ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მას აქვს ბრწყინვალე დარტყმა, ტექნიკა და სისწრაფე, რაც ფორვარდისთვის ესოდენ აუცილებელი თვისებებია.

ახალგაზრდა მოთამაშის ფასი სავარაუდოდ 45-50 მილიონი ევრო იქნება. როგორც ჩანს პერესი არაფერზე აპირებს უკან დახევას, მისი მიზანი გუნდის შეტევითი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თუკი რიკარდო კაკა გუნდში დარჩა, ის ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ახალწვეულ პატოს ჯერ ადაპტაციაში, შემდეგ კი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები