საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფას) საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას მოუწოდებს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მოთხოვნები არ სცნოს და არაღიარებულ ოკუპირებულ რესპუბლიკას ამხანაგური მატჩების მასპინძლობის უფლება არ მისცეს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ფიფას თხოვნით მიმართა, რათა ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიიღოს. ამის შესახებ რუსულ გამოცემებს განუცხადა არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამალ გუბაზმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, რომლის ერთიანობაში შემოდის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აღიარებულია მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ამჟამად აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციის გამო, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას, გამომდინარე აქედან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას აღიარებული ერთადერთი ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს ფეხბურთთან დაკავშირებული პროცესების მართვას.

ფიფას და უეფას წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, ცნობილია, ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ყველა სამართლებრივ ნორმებს, რომლის ჩარჩოებში მოქმედებს ფიფა, გამომდინარე აქედან ჩვენ იმედი გვაქვს, არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ფიფაში გაწევრიანების მოთხოვნის ან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, დაიცავთ თქვენი წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინტერესებს და უარს ეტყვით არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის არალეგიტიმურ მოთხოვნას.

საქართვველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი საფეხბურთო სუბიექტი სურვილის შემთხვევაში გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი, რაც თავისთავად განაპირობებს მათ, ფიფას და უეფას ერთიან სამართლებრივ სივრცეში შემოსვლას.”

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფას) სახელზე მიმართვას ამზადებს, რომლითაც ,,აფხაზეთის ნაკრებისათვის” ფიფას წევრი ქვეყნების საფეხბურთო კლუბებთან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლებას ითხოვს.

კომენტარები