აზერბაიჯანული სპორტული ვებ–პორტალი, Azerifootball.com გვამცნობს, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, წლევანდელ სეზონში, აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ქართველი გოლკიპერი, გიორგი ლომაიაა. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ როგორც ლეგიონერები, ასევე ადგილობრივი – აზერბაიჯანელი ფეხბურთელებიც, რაც გიორგის წარმატებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

32 წლის გიორგი ლომაია უკვე სამი წელია, რაც აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ–ერთ ყველაზე შეძლებულ კლუბში, ბაქოს “ინტერში“ გამოდის და ამ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელიცაა. “ინტერს“ ქართველი მწვრთნელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, კახი ცხადაზე უდგას სათავეში და აზერბაიჯანელები მისი საქმიანობით კმაყოფილები არიან. გიორგი ლომაიას აღიარება იმანაც განაპირობა, რომ ქართველ გოლკიპერს პენალტების მოგერიებაში ბადალი არ ჰყავს. მან წელს მის კარში დანიშული 5 პენალტიდან, 3 პენალტის მოგერიება შეძლო. ასეთ შესანიშნავ მაჩვენებელზე კი მსოფლიოს არაერთი ცნობილი მეკარე იოცნებებდა.

როგორც იცით, გიორგი ლომაია წლების მანძილზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა და იყო პერიოდი, როდესაც იგი “ჯვაროსნების“ ძირითად მეკარედ ითვლებოდა. შემდეგ, ნაკრებში მისი საქმეები არცთუ კარგად წარიმართა და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გიორგი ლომაიამ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოფიციალურად თქვა უარი. მეკარე ირწმუნება, რომ იგი არავისზე არაა განაწყენებული და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ კლუბში გამოსვლისათვის მეტი ყურადღების დათმობა სურდა.

აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატი დონითა და სათამაშო ხარისხით რა თქმა უნდა, ვერც იტალიის ჩემპიონატთან მოვა და ვერც ინგლისის პრემიერლიგასთან. თუმცა, როდესაც ქართველ ფეხბურთელს (მით უმეტეს მეკარეს) სადმე მთელი საზონის მანძილზე საუკეთესოდ ასახელებენ, ეს უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის!

კომენტარები