იტალიურ ფეხბურთს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები არასოდეს აკლდა. თითქმის ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, აპენინებზე ახალი საფეხბურთო სკანდალი წარმოიშობა ხოლმე. თუმცა, ის რაც ”კალჩიოში” ახლა ხდება, მხოლოდ 2006 წლის ”კალჩოპოლის” სკანდალს შეგვიძლია შევადაროთ. აპენინელმა სამართალდამცველებმა ერთბაშად 19 ფეხბურთელი ამხილეს მატჩების ჩაწყობაში და მათ შორის ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც კი მოხვდნენ, როგორიც ომარ მილანეტო და სტეფანო მაური არიან. იტალიის პოლიციამ გუშინ წლის ტრიუმფატორის, ტურინის ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სახლიც გაჩხრიკა. თუმცა, ანტონიოს საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინეს და ტურინელთა მესაჭე ადვილად გადარჩა.

იტალიელი სამართალდამცველები ასევე აპირებენ გენუის ”ჯენოას” ყოფილი მცველის, კახი კალაძის დაკითხვასაც. კახა კალაძემ თავისი ადვოკატების პირით უარყო, რომ იტალიურ პრესაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალთან რაიმე შეხება აქვს.

-“კალაძე მზადაა, საჯაროდ უარყოს საეჭვო ფაქტები, რომლებიც პრესაში გაჩნდა. ის სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში მაშინვე გამოცხადდება, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და ყოველგვარი ეჭვი გაფანტოს”, – განუცხადეს იტალიურ მედიას კალაძის ადვოკატებმა. “კალა ფონდის“ ხელმძღვანელმა, ოთარ ჩრდილელმა კი განაცხადა, რომ კახის იტალიელი სამართალდამცველები მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით დაჰკითხავენ და ქართველ ფეხბურთელს თავის მართლება არავისთან სჭირდება

ბოლო დღეებზე იტალიაში უკვე დაიწყო საუბარო იმაზე, რომ შესაძლოა იტალიის ჩემპიონატის უპირველესი ლიგიდან 2-3 საფეხბურთო კლუბი მოკვეთონ. ათი წლის წინ, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა იმას, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რეიტინგში ფაქტობრივად რუსეთის დონეზე ჩამოვიდოდა და კალჩოს მესვეურები იმდენს “მოახერხებდნენ”, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ იტალიის მეოთხე საგზურს გერმანია მოიპოვებდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მრავალი ფაქტორის გამო იყო, უპირველესად კი ალბათ იმიტომ, რომ “პარმასა” და “ფიორენტინას” რანგის იტალიური კლუბებიც კი, ევროთასებზე უკრაინულ და რუმინულ კლუბებთან იშვიათად მარცხდებოდნენ და მაშინდელ აპენინურ კლუბებს ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად აწუხებდათ.

როგორც ხედავთ, დღეს რეალობა მკვეთრად შეიცვალა და უკვე გადაწყვეტილი ფაქტია, რომ ამიერიდან, უპირველეს ევროტურნირზე იტალია ოდენ სამი გუნდით წარსდგება, ხოლო გერმანია – ოთხით. ახლა თითქმის ყველა იტალიური გაზეთი თუ სპორტული ვებ-გვერდი სავსეა სტატიებით, სადაც მსჯელობენ და ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ იმაზე, თუ რატომ დაემართა სერია “ა”-ს, ამ ერთ დროს უპირველეს გათამაშებას ასეთი რამ და იტალიელელთა მხრიდან რა გზები უნდა მოინახოს გამოსავლის საპოვნელად. ვარაუდები კი – უამრავია.

ერთნი ამბობენ, რომ იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემები კვალიფიციურ იტალიელ მწვრთნელთა სხვა ქვეყნებში გადინებამ გამოიწვია, რადგან მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოს, რობერტო მანჩინის, კარლო ანჩელოტის და სხვა ცნობილი სტრატეგოსების ნაცვლად, იტალიურ გუნდებს ლეონარდოსა და სინიშა მიხაილოვიჩის მსგავსი დილეტანტები ხელმძღვანელობდნენ და ეს განსაკუთრებით ცუდად აპენინური გუნდების ევროარენაზე გამოსვლაზე აისახება.

სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იტალიელი ბიზნესმენების ინერტულობის ბრალია, რომლებიც ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად დებენ ფულს კალჩოში. ასევე გაჩნდა მოსაზრება, თითქოს იტალიელებს კონკურენტი ქვეყნები შეგნებულად ებრძვიან და სერია “ა”-ში თავგამოჩენილ ვარსკვლავებს სხვა ქვეყნების კლუბები იმიტომ ყიდულობენ, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე დააგდონ. მაგრამ, ბევრს ხშირად ავიწყდება ალბათ უპირველესი მიზეზი, რაც იტალიურ ფეხბურთს უკვე ამდენი წელია სჭირს და რასაც სახელად – სილვიო ბერლუსკონი ჰქვია!

მას შემდეგ, რაც იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა “მილანი” შეიძინა და იტალიურ ფეხბურთში თავისი ძლევამოსილი პერსონა დაამკვიდრა, კალჩიოს საქმეები სულ უკან და უკან წავიდა. ხოლო, როდესაც ეს კაცი მთლიანად იტალიის სათავეში მოექცა, გახშირდა ჩაწყობილი თამაშები, ნარკო-სკანდალები, ცარიელი სტადიონები, ფეხბურთელთა საპროტესტო გამოსვლები, კლუბების გაკოტრების შემთხვევები.

სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკური და საფეხბურთო მმართველობის დროს იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრდა უსაშინლესი სენი, – სახელად უნდობლობა. სერია “ა”-ს კონკრეტულ მატჩებზე ვისაც კი არ ეზარება, ყველა ეჭვს გამოთქვამს, რომ თამაშები ჩაწყობილია და ამ დაეჭვებული ხალხის ვარაუდები ხშირად მართლდება ხოლმე. ტოტალიზატორის სტაჟიანი მოთამაშეები აუცილებლად გეტყვიან, რომ იტალიის ჩემპიონატის განსაკუთრებით უკანასკნელ ორ-სამ ტურში, მუდამ არის ისეთი თამაში, რომელთა შედეგებიც ყველამ წინასწარ იცის და ტოტალიზატორები ამ თამაშებს უბრალოდ იღებენ პროგრამებიდან. ასევე ყველამ იცის, რომ ნდობის მოპოვებაა ძნელი, ნდობადაკარგულ გუნდებსა და ჩემპიონატებს კი ყველა ალმაცერად უყურებს და ამ დროს, წარსული დიდება და მსგავსი ღირებულებები ცოტა ვინმეს თუ ახსენდება.

იტალიაში ყველაფერი ცუდი განსაკუთრებით 2006 წლის შემდეგ, ანუ ”კალჩოპოლის” ყბადაღებული სკანდალიდან დაიწყო, როდესაც ”სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით არაერთი იტალიური კლუბი დაისაჯა და ამის შემდეგ, იტალიური ფეხბურთი ვერა და ვერ გაიმართა წელში. ახლა მართალია დონ სილვიო (როგორც პოლიტიკური ფიგურა) წარსულში დარჩა, მაგრამ პრობლემები ჯერ ისევ დასაძლევია და საეჭვოა, რომ კალჩოში არსებული პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ ბერლუსკონის პრემიერობიდან წასვლით გადაწყდეს. მით უმეტეს, რომ იტალიური ფეხბურთიდან სილვიო ჯერ არსად წასულა და ”მილანის” სადავეების დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს. როგორც ხედავთ, იტალიურ ფეხბურთს საბოლოოდ ვერანაირმა ”გარედან ჩარევამ” ვერ მოუტანა დადებითი შედეგი. დღეს იტალიაში კვლავ დიდი სკანდალია და არავინ იცის, ეს ყველაფერი კიდევ რამდენი ადამიანის დასჯით დასრულდება.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები