სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა, გოგიტა ფარცვანიამ მომხდარი აღწერა. მისი თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, გზის სავალ ნაწილზე ორი პირი ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის ინციდენტში ჩაერია და სიტყვიერი მოწოდებით შეეცადა მათ დაშოშმინებას.

პოლიციელის თქმით, მიუხედავად გაფრთხილებისა, შელაპარაკება გრძელდებოდა, ჩაჩიბაია შსს-ს სამმართველოში გადაიყვანეს.

მისი თქმით, პოლიციაში მიყვანამდე მანქანაში დაკავებული პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჩაჩიბაიამ დააზიანა მანქანის სალონი, პოლიციელს ჩამოახია ქურთუკის საყელო და სამხრე. პოლიციელის თქმითვე, სამმართველოში ჩაჩიბაიას პირადი გასინჯვის დროს აღმოაჩნდა საკეცი დანაც.

პოლიციელის მონაყოლს არ ეთანხმება თავად განსასჯელი, რომლის დარბაზში ნასროლ რეპლიკასაც პოლიციელის დაკითხვის დროს, “ასეთი, ტყუილი არაფერი მინახავს,” მოსამართლის გაღიზაინება მოყვა, რის შემდეგაც მან განსასჯელს ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდი შეახსენა და პოლიციელობის პერიოდში მის მიერ ჩადენილი საქმეების გახსენება ურჩია.

დაკავებული ჩაჩიბაია შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სამეგრელო–ზემო სვანეთის ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ექსპერტიზამ შედეგებიც წარმოადგინა, რომლის მიხედვით, პოლიციის მანქანის სალონში და პოლიციის თანამშრომლის ქურთუკზე დაზიანებებები ნამდვილად აღენიშნება, თუმცა მისი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია.

განსასჯელი, მისი უფლებების დამცველი და ოჯახის წევრები პოლიციელბის ჩვენებებს აბსურდულს უწოდებენ. ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს. მის დაკავებას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ბრალდებულმა მოსამართლეს უამბო, რომ მას რამდენჯერმე კუდ-ის თანამშრომელი შეხვდა და პოლიტიკური პროცესის ჩამოშორება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა.

სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

კომენტარები