არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, ლიონელ მესი უკმაყოფილოა, რომ არგენტინის ნაკრებში ცუდი თამაშის გამო არგენტინის პრესაში ხშირად აკრიტიკებენ. ახალგაზრდა ვარსკვლავს ჟურნალისტები ქვეყნისადმი ნაკლებ პატრიოტიზმშიც ადანაშაულებენ

არგენტიელი ფეხბურთელის თქმით, ის ეროვნულ გუნდში ისევე ირჯება, როგორც კლუბში. როგორც ლეო მესი განმარტავს, მასზე აგორებული ჭორები სრულიად უსაფუძვლოა და თავს არ დაზოგავს, რომ არგენტინის ნაკრებს მათთვის ესოდენ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოაპოვებინოს.

“ბოლო დროს ჩემს წინააღმდეგ წარმოებული უსაფუძვლო კრიტიკის ნიაღვარით უკმაყოფილო ვარ და ეს თემა ძალიან მაწუხებს. ჩემზე ისეთ რაღაცეებს ამბობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მგონი ახლა უფრო მიხვდებიან, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ვცდილობ ნაკრებში ისევე ვითამაშო, როგორც “ბარსელონაში”. არასდროს მითქვამს უარი ჩემს სამშობლოზე და არც არასდროს ვიტყვი. ჩემი ქვეყნით ვამაყობ. “ბარსელონა” კი ჩემი სახლია, რადგან ამ კლუბმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია, მაგრამ მე ყოველთვის არგენტინელად დავრჩები”, – განაცხადა ლეო მესიმ.

კომენტარები