მიმინოშვილის მედიაში გაკეთებულ განცხადებებს კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი, “რესპუბლიკური პარტიის”წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა, მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მიმინოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტის, კახა კოჟორიძეს განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე სამართალდამცავებმა გამოძიება უნდა დაიწყონ, ვინაიდან მიმინოშვილის მიერ მედიაში გაკეთებული კომენტარები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საგამოძიებო ორგანოები ვალდებულები არიან მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყონ, იმისდა მიუხედავად, რა საშუალებითაც არ უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაცია.

–”არ ვამბობ, რომ მიმინოშვილის განცხადებით, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ამ შემთხვევაში სამართალდამცველებს გამოძიების დაწყების საფუძველი აქვთ და ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, სწორედ გამოძიების მოკვლევის შემდეგ უნდა დადგინდეს,”– განმარტავს კოჟორიძე. მისი თქმით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთება ისიც, არის თუ არა თავად მიმინოშვილი დანაშაულის თანამონაწილე.

მიმინოშვილი განათლების სისტემაში მიმდინარე საეჭვო პროცესებზე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ალაპარაკდა.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ნებართვით, 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა და რომ გამოცდებზე ბარიერების საკითხი პოლიტიკური შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

რატომ გადაწყვიტა დანაშაულებრივ ქმედებეზე გათავისუფლების შემდეგ საუბარი და რა სახით მონაწილეობდა აღნიშნულ პროცესებში, მიმინოშვილმა კითხვებს პასუხი სოციალურ ქსელ facebook- ის საკუთარ კედელზე გასცა, სადაც ის წერდა, რომ ყალბი ატესტატების გაცემის შესახებ საქმის კურსში იმთავითვე ჩააყენეს სამართალდამცველები, თუმცა მათი მხრიდან რეაგირებას ადგილი არ ჰქონია.

–”მანამდე, ანუ მაშინ, როდესაც აღმოვაჩინეთ, თუ რამდენი ატესტატი გაიცა უკანონოდ… . პირველი, რაზეც აუცილებლად უნდა გვეზრუნა, იყო: კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით, შესაბამისი უწყებებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და ეს დაუყოვნებლივ გავაკეთეთ.

მეორე, გვქონოდა გარანტია და ბერკეტი, რომ რეალურად ატესტატის არმქონე მოსწავლეები მომდევნო წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა აბიტურიენტების კონკურენტები არ გახდებოდნენ. ამის გარანტორები თავად ჩვენ ვიყავით: მონცემთა ბაზებში არსებული ყველა ჩანაწერი იყო რეალური ბერკეტი, რომ ამ ვალდებულებას შევასრულებდით და მისაღები გამოცდების მთავარ პრინციპს არაფერი დაემუქრებოდა (დღეს ასეთი გარანტიები, ჩვენი მხრიდან აღარ არსებობს).

მესამე – რატომ არ გავხადეთ საჯარო ეს ყოველივე, როდესაც შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პასუხი მოვისმინეთ. მერწმუნეთ, რადიკალური ქმედებებისგან თავი ისევ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე შევიკავეთ. რაც შეეხება საჯაროობას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე იმ დღეებში რამდენიმე სტატია დაიწერა, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია,”– დაწერა სოციალურ ქსელში მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა პირადად მიიღო.

ოფიციალური ვერსიით, ის სამინისტროსთან შეუთავსებელი პირადი პოზიციის გამო გაათავისუფლეს, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი არ ეთანხმება იმ რეფორმებს, რაც მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში განათლების სფეროში, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

არაოფიციალური და მისი ახლო ნათესავების ვერსიით კი, ის თავის ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულების/პოზიციის გამო გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ მიმინოშვილი ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდა. თუმცა ამ ეტაპზე აცახდებს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს.

იზა სალაყაია

კომენტარები