ფოტოკონკურსი “ქოლგა”, რომელიც წელს 7-დან 12 ივნისამდე გაიმართება და არაერთ ფოტოგრაფს აერთიანებს, წელს ფორმატს იცვლის, უფრო მასშტაბური ხდება და ფოტომოყვარულთა საკონკურსო ნამუშევრების გარდა მასტერკლასებს, ლექციებს და პროფესიონალ ფოტოგრაფთა გამოფენებსაც მოიცავს.

ფოტოკონკურსი მეთერთმეტედ ტარდება და წელს მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი საქართველოს გარდა გამოცხადებული იქნება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუკეთესო ნამუშევრები კი გერმანიაში, კიოლნში PHOTOKINA 2012-ის ფარგლებში გამოიფინება, რომელიც 18-დან 23 სექტემბრამდე გაიმართება. PHOTOKINA ერთ-ერთი წამყვანი გამოფენა-გაყიდვის პორტალია ფოტო-ფილმის სფეროში.

თუმცა “ქოლგის” წლევანდელი ჟიურის ერთ-ერთი წევრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიული მუზეუმის გამოფენების ხელმძღვანელი, ლიკა მამაცაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კონკურსი ბოლო 7 წლის მანძილზე ისედაც ინტერნაციონალური იყო.

“მასში არამხოლოდ ქართველი ფოტომოყვარულები იღებდნენ მონაწილეობას. მე მახსოვს მაგალითად, ჩინელი, ირანელი მონაწილეები, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ქონდათ. უბრალოდ, წელს მასშტაბები გაიზარდა.”

მამაცაშვილი ამბობს, რომ მეორე საკითხია კონკურსის იმიჯი და ცნობადობა და აღნიშნავს, რომ ორგანიზატორები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან რამეს აკეთებენ სწორედ ამ იმიჯის ასამაღლებლად და ნელ-ნელა იზრდებიან.

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის კონკურსი არა პროფესიონალი ფოტოგრაფების, არამედ ფოტომოყვარულებისთვის, წესით მასში მონაწილეობის მიღებით ბევრი მოყვარული უნდა იყოს დაინტერესებული, ვინაიდან საპრიზო ფონდიც და შემდგომი ზრდის პერსპექტივაც საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია.“

საერთაშორისო პოზიციების დამკვიდრების მიზნით წელს კონკურსის რებრენდინგი განხორციელდა – შეიცვალა როგორც მისი სახელი, ასევე ლოგო და კორპორატიული სტილი. 20 მაისიდან ამოქმედა განახლებული საიტიც, სადაც მთელი კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ.

“საბოლოო მიზანი ხარისხისა და ცნობადობის ზრდაა. საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებამ აუცილებლობა წარმოშვა იმისა, რომ სახელს და ლოგოტიპს განეცადა ცვლილება. მარკეტინგული კვლევის შემდეგ, გამოიკვეთა მთავარი მოთხოვნა – სახელში გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დაფიქსირება. რებრენდინგის პროცესში მივიღეთ ახალი ლოგო და სახელი “KOLGA TBILISI PHOTO”. გარდა რებრენდირებული კონკურსისა, სიახლე იქნება ასევე კონკურის ნაწილის მიღმა დაგეგმილი გამოფენები, ლექციები, პორტფელიოების განხილვები და მოწვეულ სპეციალისტებთან შეხვედრები” – ამბობს ფოტოკონკურსის ორგანიზატორი, ბესო ხაინდრავა.

ფორმატის შეცვლის და სიახლეების შემოტანის აუცილებლობა კონკურსთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტომოყვარულების მხრიდან ხშირად ისმოდა უკმაყოფილება კონკურსის რიგ ორგანიზაციულ საკითხებთან (მონაწილეობისთვის თანხის დაწესება, საგამოფენო სივრცეების შეუსაბამობა, ჟიურის ობიექტურობის საეჭვოობა და ა.შ.) დაკავშირებით.

ფოტოგრაფი ეკატერინე მამამთავრიშვილი tspress-თან საუბრისას ამბობს, რომ ,,ქოლგის“ ჟიურის კომპეტენციასა და ობიექტურობაში ეჭვის შეტანა უხერხულია, მაგრამ ის, რომ მონაწილეობისთვის გარკვეული გადასახადია დაწესებული, არ მოწონს. “წლევანდელ პირობებში ეწერა, რომ კონკურსში მონაწილეობის საფასური 15 ევრო იყო. ნამდვილად არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. უმჯობესია წარმოდგენილი ფოტოების რაოდენობა ლიმიტირებული იყოს, ხოლო მონაწილეობა – უფასო.”

კონკურსში მონაწილოებაზე საფასურის შემოღებაზე კონკურსის ორგანიზატორი, ბესო ხაინდრავა თვლის, რომ აქ გასაკვირი არაფერია: “თვალი რომ გადავავლოთ ამა თუ იმ საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ჩვენს კონკურსში მონაწილეობის საფასური მიზერულია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.”

რაც შეეხება კონკურსის კონკურსის ორგანიზებით ან ჟიურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოებს, ბესო ამბობს, რომ ასეთი საუბრები ყოველთვის ახლავს ისეთ ღონისძიებებს, როდესაც გამარჯვებული უნდა იქნას გამოვლენილი.

საკონკურსო ფოტოების მიღება უკვე დამთავრებულია და მათ გადარჩევაზე ახლა ჟიური მუშაობს. კონკურსის საპრიზო ფონდი 8500 ლარია.

ნასტასია არაბული

კომენტარები