საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული. საიას ინფორმაციით, ცენტრის იმ თანამშრომელბს, რომლებმაც სამსახური საკუთარი სურვილის დატოვეს, სამართალდამცავი ორგანოები აშანტაჟებდნენ, რომ სამსახური არ დაეტოვებინათ. აღნიშნულ საკითხებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე საიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტს tspress- ი უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვითარება ბადებს ეჭვს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: თუ გათავისუფლების მიზეზი მართლაც პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა იყო, რატომ გათავისუფლდა მიმინოშვილი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამასთან, უახლოეს თვეებში დაგეგმილია ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და არსებობს რისკი, რომ დაზარალდეს როგორც აბიტურიენტთა, ისე მაგისტრანტთა და მასწავლებელთა ინტერესები. ფაქტია, რომ აღნიშნული პერიოდი საკადრო ცვლილებებისთვის ყველაზე შეუფერებელია, მითუმეტეს, თუ კონფლიქტი მანამდე 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების წინა დღეს, 27 მაისს, მისი შვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რასაც 28 მაისს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ თავად მაია მიმინოშვილი მის საჯარო განცხადებებში ამ გარემოებას არ გამორიცხავს.

სამწუხაროდ, მაია მიმინოშვილი არ არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა საკუთარი თუ ოჯახის წევრის პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტივობის გამო. აღნიშნულ ფაქტებზე ბოლო პერიოდში საიას არაერთხელ გაუკეთებია საჯარო განცხადება.

საია აქვე ეხმიანება გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. კერძოდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უკვე დაწერეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ან განცხადების დაწერას მომავალში აპირებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებს იმ მიზნით, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხი სამართალდამცავი ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა გახდეს. გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წამოსვლა არის ამ ადამიანების ნება და დაუშვებელია მათზე რაიმე სახის ზეწოლა ან იძულება ნებისმიერი თანამდებობის პირის და, მითუმეტეს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

მოვითხოვთ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ მუქარისა და ზეწოლის ფაქტები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დასვან შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

აქვე საია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ნებისმიერ თანამშრომელს გაუწიოს იურიდიული დახმარება საადვოკატო მომსახურების ჩათვლით.”– აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები