იტალიის პროკურატურამ პირობა შეასრულა და სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. როგორც იტალიური სპორტული გამოცემა “ლა გაზეტა დელლო სპორტი“იუწყება, პროკურატურა იტალიის საფეხბურთო კურუფციაში ბრალდებული ფეხბურთელების დაკითხვასა და მათი სახლების ჩხრეკას განაგრძობს.

კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთელებისა და საფეხბურთო ფუნქციონერების რიცხვმა, ამ დროისთვის, უკვე 112 ადამიანი შეადგინა. თუმცა, ძიება გრძელდება და ეჭვმიტანილთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. იტალიელმა სამართალდამცავებმა ქართველი ფეხბურთელის, კახა კალაძის სახლიდან მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სამხილებზე ჯერ არავინ საუბრობს.

ახალი “კალჩოსკანდალის“ საქმეს, რომაელი პროკურორი რეინო დი მარტინო იძიებს, რომელიც, როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, თავისი შეუვალობითა და ობიექტურობითაა ცნობილი. ირკვევა, რომ იტალიის პროკურატურას ჯერ კიდევ ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჰქონდა ინფორმაცია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. დი მარტინომ იტალიელ ჟურნალისტებთან დღეს მხოლოდ მცირე განცხადება გააკეთა.

-”ჩვენ თავიდანვე გვქონდა ინფორმაცია რამდენიმე მატჩის ჩაწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოთმინება გამოვიჩინეთ. ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს იტალიის ჩემპიონატს და გადავწყვიტეთ, არ შეგვეშალა ფეხბურთელებისათვის ხელი, რომლებმაც გათამაშება უპრობლემოდ დაასრულეს. მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადეთ ჩვენი ეჭვების შესახებ. ჩვენს ფოკუსში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელია და ძალიან საწყენია, რომ შესაძლებელია ისინი ციხეშიც კი აღმოჩნდნენ.”

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსის“ მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი კორუფციაში ბრალდებულთა შორის არ ფიგურირებს და მის შესახებ არანაირი სამხილები არ გაგვაჩნია. ანტონიო კონტეს კი უფრო სერიოზულად აქვს საქმე. მისი დანაშაული ორი ფრედ დასრულებული მატჩის ჩაწყობაში იკვეთება,“ – ამბობს პროკურორი დი მარტინო.

იტალიის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის გამალებით ემზადება. ინგლისურ გაზეთ “სოკერსპორტთან“ საუბარში იტალიელთა მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე ახალი “კალჩოსკანდალი“ გავლენას არ მოახდენს, რაც ამ ეტაპზე ძალიან თამამ განცხადებად ითვლება.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები