ფილმმა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჯილდო სწორედ მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობითა და სტანდარტების დაცვით გაკეთებული ნაშრომისთვის დაიმსახურა. ნანა ბიგანიშვილის თქმით, მან თბილისის რეაბილიტაციაზე ფილმის გადაღება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გაუმჭვირვალე პროცესების გამო გადაწყვიტა.

ფილმში მოყვანილ კანონდარღვევის ფაქტებს სამართალდამაცვების რეაგირება არ ყოფილა. ეს საქართველოში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.

არც ფილმზე მუშაობის პერიოდში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაზე გაცემულ უარზე ყოფილა რეაგირება ვინმეს მხრიდან. ზოგიერთი მათგანი, სახელმწიფო სამსახურებიდან ჟურნალისტს ჯერაც არ მიუღია, თუმცა ის ინფორმაციის მისაღებად ბრძოლას აგრძელებს.

მსგავსი ხელშეშლის ფონზე, ჟურნალისტმა, სხვა შემთხვევბის მსგავსად, მიზანი –საზოგადოებისთვის რეალური სურათის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ამ შემთხვევაშიც შეძლო.

–”ვერანაირ ინფორმაცაის ვერ ვიღებდით, ვერც მერიიდან, ვერც მერიის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან. ამ საკითხზე სასამართლოს მივმართეთ, მერიის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი ვითხოვდით, ბიუჯეტიდან ფონდებში გადარიცხული თანხების ოდენობას. პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა და მერიას ინფომაციის გაცემა მისი დამუშავების დასრულებისთანავე დააკისრა, რაც ნიშნავს, რომ როცა უნდა მაშინ გასცემდა ინფორმაციას და არა კონკრეტულ ვადაში,”– აღნიშნა ბიგანიშვილმა. მისი თქმით, ამის შემდეგ სარჩელი უზენაისმა სასამართლომ არ მიიღო.

ჟურნალისტის თქმით, ინფორმაციის მისაღებად, ერთადერთ გზად სტრასბურგის სასამრთლო რჩება, რომელსაც უახლოეს ხანში მიმართავს.

ფილმში -“გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია” – ნაჩვენებია, თუ როგორ ახორცილებს თბილისის რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდები, რომლებმაც სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი მიიღეს.

ფონდებს ტენდერი არც ერთ შემთხვევაში არ გამოუცხადებიათ. ფილმში გამოძიებულია, რომ მერია მის მიერ დაფუძნებულ ფონდებს ისტორიულ უბნებში უძრავ ქონებას გადასცემს, რომლებსაც შემდეგ ფონდი ასხვისებს. ფილმში ასევე აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის დროს კერძო საკუთრებების ნგრევა პატრონის ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად, კონკურსში 26 საგამოძიებო ფილმი იყო წარდგენილი. ჟურნალისტურ ნამუშევრებს მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.

ნანა ბიგანიშვილისთვის ეს საგამოძიებო ჟურნალსიტური ნაშრომისთვის მიღებული პირველი ჯილდო არაა. მან 2007– 2010წწ ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვისაც დაჯილდოვდა.

ბიგანიშვილი სტუდია “მონიტორის”, ერთ–ერთი დამფუძნებელია. სტუდია 2007წელს დაფუძნდა. 2005–2007წწ ტელეკომპანია “რუსთავი2″– ის გადაცემის ‘იდეა, ფული და ერთი შანსის” ჟურნალისტად მუშაობდა.

2003–2005წწ იყო გადაცემა “60 წუთის” ჟურნალისტი, სადაც საგამოძიებო ფილმებს ამზადებდა.

კომენტარები