ძიუდოში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ამბაკო ავალიანი მასზე განხოციელებული ზეწოლის დეტალებზე საუბრობს. ავალიანის თქმით, პრობლემები მას ბიძინა ივანიშვილთან ნაკრების წევრების შეხვედრის შემდეგ შეექმნა.

პიროვნებები, ვისი დასახელებისგანაც სპორტსმენი თავს იკავებს მასთან შეხვედრისა თუ სატელეფონო საუბრებისას ნაკრებში დაბრუნებასა და პოლიტიკაზე უარის თქმას სთავაზობდნენ.

მოგვიანებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრისას კი, ლადო ვარძელაშვილმა თავად დააყენა ის არჩევანის წინაშე:ან სპორტი ან პოლიტიკა.

–„ვუთხარი არავითარი პოლიტიკა, მე სპორტს ვაგრძელებთქო. მითხრა, რომ ხელფასს მოგიხსნი, ნაკრებს არ გაგაკარებო. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, იყო შეურაცხყოფები. მუქარებიც იყო“,–აცხადებს ავალიანი.

სპორტსმენი თვლის, რომ საქართველოსთვის სასარგებლო პოზიცია უკავია და მას ვერავინ შეაცვლევინებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ვანო მაისურაძის განცხადებით, ავალიანის ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მინისტრთან საუბარი აღარ ჰქონია, თუმცა 4 ივნისს ვარძელაშვილმა მასთან საუბარში ავალიანთან შეხვედრა დაადასტურა.

–„მინისტრის თქმით, ამ ადამიანთან საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა აქვს. იმის გათვალისწინებთ, რომ უახლოესი 12 საათის განმავლობაში ავალიანმა რამდენიმეჯერ შეცვალა განცხადებების შინაარსი, და ყოველ ჯერზე მინისტრს მოვთხოვოთ კომენტარი, მგონი არაა ასეთი მნიშვნელობის“–განაცხადა მაისურაძემ.

ამბაკო ავალიანის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადება პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 3 ივნისს გაავრცელა. მოგვიანებით, ავალიანმა ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ლადო ვარძელაშვილთან მეგობრულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ავალიანის შესაძლო გატაცების ან მინისტრის მხრიდან ზეწოლა-მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღძრულა.

კომენტარები